Politico: უკრაინა 2025 წელს ევროკავშირს ვერ დაუახლოვდა

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ბრიუსელის ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, 2025 წელს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რეალური პროგრესი არ ექნება.

როგორც Politico იუწყება, ევროპელი ჩინოვნიკები 2026 წელს განიხილავენ, როგორც „მორიგი დაპირებების წელს”, იმ ფონზე, როდესაც საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება კვლავ შეფერხებულია.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ბრიუსელის მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი „რეზოლუცია” იქნება, თუმცა პროცესი ევროკავშირში არსებული შიდა დაპირისპირებისა და უკრაინაში გადაუჭრელი პრობლემების გამო შეფერხებულია.

„ევროკომისიის გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ კლასტერული მოლაპარაკებები 2025 წელს „რაც შეიძლება სწრაფად” უნდა დაიწყოს, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ კიევმა კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროს”, – წერს Politico.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი რეფორმები და ანტიკორუფციული პოლიტიკა კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება. აღნიშნულ მოთხოვნებს ფორმალურად აღიარებენ კიევში, თუმცა მათი შესრულება არ ხორციელდება, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკური ნება სუსტდება.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროგრესი არ შეინიშნება. ამბიციური მიზანი მოლაპარაკებების 2028 წლისთვის დასრულების თაობაზე არარეალური ხდება”, – წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ცალკეა განხილული ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია, რომელიც მოლაპარაკებების დაწყების ტექნიკურ საკითხებსაც კი ბლოკავს.

„უნგრეთის ვეტომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპიც კი შეაჩერა. საუბარია კლასტერებზე – თემატურად დაყოფილ საკითხებზე, რომლებიც წევრობის კანდიდატებმა უნდა შეასრულონ. წელს პირველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა შეეცადა კვალიფიციური უმრავლესობით უკრაინის მიერ საკვანძო სფეროებში მიღწეული პროგრესის შეფასების დაწყებას, თუმცა ეს ინიციატივა კოპენჰაგენში გამართული არაფორმალური სამიტის დროს ჩაიშალა”, – წერს გამოცემა.