MDF: უწყებები ბიუჯეტის ფულით ინფორმაციას “ოცნების” მხარდამჭერ გვერდებზე ათავსებინებდნენ

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ამსახველი კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიში, ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დეკლარირებულ შემოსავლებს შეეხება, მეორე მხრივ, ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოიკვეთა სააგენტოები, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები საბიუჯეტო თანხებით ინფორმაციას მმართველი პარტიის მხარდამჭერ გვერდებზე ავრცელებდნენ. ასევე 2019 წლის საბიუჯეტო კონტრაქტების მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ტენდენცია:

გამოვლინდა 3 ონლაინ სააგენტო – Guardian.ge, For.ge და Stv.ge – რომლებსაც საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებული კონტრაქტებით, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებზე სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მასალების გაზიარება ევალებოდათ.

საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 3 ონლაინ სააგენტოს ჯამში 20 ფეისბუქ ჯგუფსა და 7 გვერდზე ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება ჰქონდა აღებული. ამასთანავე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პასუხში მითითებულია, რომ “ღია წყაროების სააგენტო”, რომელსაც 300,425 წევრი ჰყავდა, ამჟამად არ იძებნება, ხოლო მითითებულ ჯგუფებს 2019 წლის ზაფხულამდე თითქმის 2-ჯერ მეტი წევრი ჰყავდა, ვიდრე ფეისბუკი ბევრ მათგანს წაშლიდა.

ადმინისტრაციული ორგანოები Guardian.ge-ს და Stv.ge-ს საბიუჯეტო თანხებით ინფორმაციის მმართველი პარტიის ისეთ მხარდამჭერ ჯგუფებსა და გვერდებზე განთავსებას ავალდებულებდნენ, როგორიცაა “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუკზე”, “კახი კალაძე თბილისის მერი”, “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა”, “პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და აქტუალური თემები” და სხვა.

რეკლამა
eudora.ge

ხობის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული “ეს საქართველოა”, სადაც stv.ge-ს ინფორმაციის განთავსება ევალება, დახურული ფეისბუკ ჯგუფია, რომელიც სავარაუდოდ პატრიოტთა ალიანსს უკავშირდება. ახალქალაქის მერიის მიერ მოწოდებულ წერილში მითითებული ფეისბუკ ჯგუფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2015”, სადაც ინფორმაციის განთავსება Guardian.ge-ს ევალება, სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.

For.ge-მ და მასთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა და ჯგუფებმა, რომლებიც საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ, ასევე ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილმა გვერდმა – “დავასრულოთ” – სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი ვიდეო, სათაურით “როგორ მიიტაცა ნაცმოძრაობამ არასამთავრობო სექტორი” ორგანიზებულად გაავრცელეს და დაასპონსორეს. აღნიშნული ფილმი ასევე ცალმხრივად გააშუქეს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანიებმა იმედი და Pos TV, სააგენტოებმა PIA, მარშალპრესი, reportiori, ქართული აზრი.

მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პოზიტიურად გაშუქების ფონზე, stv.ge, რომელსაც საბიუჯეტო კონტრაქტებით ინფორმაციის სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებში განთავსება ევალება, ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მადისკრედიტირებელ მასალებს შემდეგი სათაურებით აქვეყნებს: “ძროხებზე მონადირე და ბიუჯეტის ქურდი” – როგორ ეხმაურებიან გიგი უგულავას კანდიდატურას სოციალურ ქსელში?” “ნაციონალების” კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრამდე ცოლთან ერთად “ზმანებს” ყიდულობს,” სოფლის რწმუნებულები აცხადებენ, რომ “ლელოს ადვოკატირებას არ საჭიროებენ”, “ნაციონალებმა” ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატად კარანტინში მყოფი მალხაზ ჯალაღონია წარადგინეს”.

“2014-2018 წლების პრაქტიკის მსგავსად, 2019 წელსაც გამოიკვეთა რამდენიმე მედიასაშუალება, რომელთანაც საბიუჯეტო ორგანიზაციები წინა წლების მსგავსად თანამშრომლობდნენ და რომელთა ნაწილი ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა”. – ნათქვამია MDF-ის კვლევაში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები