კახა კალაძე: გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში — თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა
თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ, საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.
როგორც მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, 2025 წელი გამოირჩეოდა გამოწვევებით, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„დღეს 31 დეკემბერია. სრულდება 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებითა და სირთულეებით, მაგრამ უმთავრესი არის ის, რომ გასულმა წელმა დაგვიტოვა გაცილებით გაუმჯობესებული თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, მეტი დახმარებითა და თანადგომით ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. თბილისი დამსახურებულად ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, თუმცა მისი უმთავრესი ხიბლი და ღირებულება აქ მცხოვრები ადამიანები არიან – ადამიანები, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას. შესაბამისად, ყველა პროექტი, ყველა რეფორმა, თუ გადაწყვეტილება, რომელიც განვახორციელეთ, ემსახურება თბილისელების კეთილდღეობას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას,” – განაცხადა ბატონმა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, 2026 წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას დაგეგმილი აქვს არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება.
„საქმიანობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს გასწია, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რათა 2026 წელი თბილისისთვის იყოს მნიშვნელოვნად უფრო წარმატებული. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ჩვენ მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს. 2026 წელი იქნება განსაკუთრებით საინტერესო ჩვენი დედაქალაქისთვის. დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას,” – განაცხადა ბატონმა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საზოგადოების მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისელებს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქალაქის ბედი და წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერით გვაძლიერებთ. მადლობას მოგახსენებთ იმ მოთმინებისთვის, რაც დაკავშირებულია ყოველი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის შედეგად გამოწვეულ დისკომფორტთან. ყველა ცვლილება, რომელიც დედაქალაქის საკეთილდღეოდ განხორციელდა, არის თქვენი ჩართულობისა და თანადგომის შედეგი. სწორედ თქვენთან ერთად ვქმნით ქალაქს, სადაც ცხოვრება უფრო კომფორტულია. ეს არის სიკეთით სავსე ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდება ადამიანების თანადგომის, შრომისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის შედეგად. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ, მეტი სიკეთე ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში – თქვენი სიძლიერე არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას,” – განაცხადა ბატონმა კახა კალაძემ.
