ირაკლი ზარქუა: რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები ჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება

რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები ჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება, — ამის შესახებ ჟურნალისტებთან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირში განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ სანქციების გამოყენება ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა.

„რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები სჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება. განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დასანქცირება ხდება. იქ არის ერთი პოლკოვნიკი, რომელმაც თქვა განსხვავებული აზრი, ვიდრე ფონ დერ ლაიენი და, როგორც იტყვიან, კალასი აცხადებენ. რა არის პასუხი ევროკავშირის ლიდერებისგან და ევროკავშირის პოლიტიკა? — სანქციების სიაში მოხვედრა“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, სანქციების სიაში მოხვედრილთა შორის არიან ცნობილი ანალიტიკოსები, სამხედრო პირები, ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ფიგურები.

„ბოლო-ბოლო, სადამდე მიიყვანს ეს ევროკავშირს, არ ვიცი. ზუსტად ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ამ ე.წ. ლიდერობას, რომელიც არანაირად ევროკავშირის ინტერესებსა და ღირებულებებს არ გამოხატავს, სავარაუდოდ სახლში გაუშვებენ, ხოლო ნაწილს მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებების გამო, რამაც ევროკავშირი ამ დონემდე მიიყვანა“, — აღნიშნა ზარქუამ.