გაეროს გენერალური მდივანი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებით „ღრმად შეშფოთებულია“

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებებით.

გუტერეშის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებს შესაძლოა „რეგიონისთვის საგანგაშო შედეგები“ მოჰყვეს.

„ვენესუელაში არსებული სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ეს მოვლენები სახიფათო პრეცედენტს ქმნის. გენერალური მდივანი კვლავ უსვამს ხაზს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, ყველას მიერ სრულად პატივისცემის მნიშვნელობას“, — ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს ხელმძღვანელი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების დროს საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იყო სრულად დაცული, რაც დამატებით შეშფოთებას იწვევს.

ცნობისთვის, დღეს დილით ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.

მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება, რადგან განვითარებულმა პროცესებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს როგორც ლათინური ამერიკის რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ასევე გლობალურ საერთაშორისო ურთიერთობებზე.