ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ვენესუელის მართვას მანამ, სანამ უსაფრთხო და გონივრული გარდამავალი პროცესი არ განხორციელდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელის მართვას დროებით საკუთარ თავზე აიღებს მანამ, სანამ ქვეყანაში „უსაფრთხო, ჯეროვანი და გონივრული გარდამავალი პროცესის“ განხორციელება არ გახდება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News ავრცელებს.

ტრამპის თქმით, აშშ არ აპირებს ისეთი სცენარის დაშვებას, როდესაც ძალაუფლება სხვა პირის ან ჯგუფის ხელში გადავა და ვენესუელაში არსებული ვითარება კვლავ იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის — ვენესუელის — მართვას მანამ, სანამ არ შევძლებთ უსაფრთხო, ჯეროვანი და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ისეთი პროცესით, რომელიც წარსულის შეცდომების გამეორებას გამოიწვევს.

„ჩვენ არ გვსურს ისეთ პროცესში ვიყოთ ჩართულები, სადაც სხვა ვინმე მოვა სათავეში და იგივე სიტუაცია შეგვექმნება, რაც ბოლო მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა“, — დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დღეს დილით ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.

მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება, რადგან აშშ-ის მიერ ვენესუელის დროებით მართვაზე გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე.