ტრამპი: მადუროს დაკავებას რეალურ დროში ვუყურებდი, როგორც „სატელევიზიო შოუს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას რეალურ დროში ადევნებდა თვალს — მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან, სამხედრო გენერლებთან ერთად.

ტრამპის თქმით, ოპერაცია ისე სწრაფად და ზუსტად განხორციელდა, რომ პროცესის ყურება „სატელევიზიო შოუს“ ჰგავდა.

„ნამდვილმა სამხედრო პირებმა მითხრეს, რომ დედამიწაზე არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც მსგავსი მანევრის განხორციელება შეუძლია. რაც ვიხილე, პირდაპირი მნიშვნელობით საოცარი იყო — მე ამას რეალურ დროში ვუყურებდი, თითქოს სატელევიზიო შოუს ვადევნებდი თვალს“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოპერაციის სისწრაფესა და ეფექტურობაზე.

„რომ გენახათ ის სისწრაფე, სიმძაფრე… ისინი იყენებენ ამ ტერმინებს — სისწრაფე და სიმძაფრე. ეს მართლაც საოცარი სანახავი იყო. ამ ადამიანებმა წარმოუდგენლად მაღალი დონის სამუშაო შეასრულეს. მსგავსი რამის გაკეთება სხვას უბრალოდ არ შეუძლია“, — აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს დილით ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.

მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება, რადგან განვითარებულმა პროცესებმა შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს როგორც ვენესუელის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე.