ფრიდრიხ მერცი: 2026 შეიძლება გახდეს წელი, როდესაც გერმანია და ევროპა ახალი ძალით დაიძვრებიან მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ 2026 წელი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ევროპისთვის, და ევროკავშირმა დამოუკიდებლად უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა გარდაიქმნა. მერცის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოებას, რის გამოც ევროპამ სამხედრო გამოწვევებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით უნდა უპასუხოს.

„ევროპაში საშინელი ომია გაჩაღებული, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. 2026 წელს შესაძლოა ახალი დასაწყისი დაედოს, რა დროსაც გერმანია და ევროპა ახალი შემართებით განაგრძობენ სვლას მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ათწლეულებისკენ,” – განაცხადა მერცმა.