რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, ღამის საათებში, უკრაინის ქალაქ ოდესისა და ოდესის ოლქის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის მონაცემებით, დაბომბვას დაექვემდებარა ოდესის სამოქალაქო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. თავდასხმის შედეგად, დაზიანებები მიიღო ხუთმა მოქალაქემ, მათ შორის სამმა არასრულწლოვანმა.
ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწყება, რომ დაშავებულებს შორის არიან შვიდი თვისა და რვა წლის გოგონები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება, როგორც საშუალო სიმძიმის. საჰაერო თავდასხმის შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება 14 წლის მოზარდს, ხოლო 42 წლის მამაკაცი, მძიმე მდგომარეობაში, ჰოსპიტალიზებულია.
