ირაკლი კობახიძე: მადლობა ყველა საჯარო მოსამსახურეს — გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2026 წელს
პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირის მიმართ კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის.
„მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ მინისტრს, ასევე თქვენს მოადგილეებს. ამასთან, მადლობას მოვახსენებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მის მოადგილეებსა და მთავრობის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს. ის მიღწევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომისა და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოსამსახურეს, თითოეულ ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში იმყოფება. მადლობას ვუხდი ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების შრომასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და მისი სამომავლო წინსვლა. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს 2026 წელს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
