10 ცნობილი ვებგვერდის თავდაპირველი დიზაინი

პირველი ვებგვერდი 1991 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა. ინგლისელი ინჟინრისა და კომპიუტერული მეცნიერის, ტიმ ბერნერს-ლის მიერ დამზადებული საიტი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას, CERN-ს ეკუთვნოდა და მომხმარებლებს მსოფლიო ქსელის პროექტის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 

მას შემდეგ 2 მილიარდამდე ვებგვერდი დამზადდა, რომელთაგან დაახლოებით 200 მილიონი ახლაც აქტიურია. ჩვენს სტატიაში 10 პოპულარული საიტის შექმნის ისტორიას გაეცნობით და ნახავთ, როგორი იყო მათი დიზაინი გაშვების დღისთვის. 

10. Yahoo!

yahoo.com სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსეს. დიდი ხნის განმავლობაში ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა იყო, რომელიც მომხმარებლებს ასევე ელექტრონული ფოსტის, შეტყობინებების გაცვლისა და სხვა მომსახურებებს სთავაზობდა. 2017 წელს “იაჰუ” 4 მილიარდზე მეტ აშშ დოლარად კომპანიამ Verizon Communications შეიძინა.

9. Amazon

аmazon.com მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. თავდაპირველად კომპანიის ვებგვერდზე მხოლოდ წიგნები იყიდებოდა, თუმცა, მოგვიანებით “ამაზონის” კატალოგს მრავალფეროვანი პროდუქცია დაემატა. ამ საერთაშორისო კორპორაციის კაპიტალიზაცია თითქმის 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი კი, 105-მილიარდიანი ქონებით, ამ დროისთვის სამყაროს უმდიდრესი ადამიანია.

8. IMDb

Imdb.com კინემატოგრაფთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი ყველაზე დიდი ბაზაა, რომელიც ბრიტანელმა პროგრამისტმა, კოლინ ნიდჰემმა 1990 წელს დააარსა. 1993 წელს ამოქმედებულ ვებგვერდზე 5 მილიონამდე ფილმისა თუ ტელესერიალის შესახებ მონაცემებია შეგროვებული. მათი რედაქტირება ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია. 1998 წელს საიტი ჯეფ ბეზოსმა 55 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და მას შემდეგ ის Amazon-ის კუთვნილებაა.

7. Google

google.com სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა 1998 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსეს. დამფუძნებლების მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის შექმნა იყო. მოცემული დროისთვის “გუგლი” მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებგვერდია, რომელიც ყოველდღიურად 50 მილიონზე მეტ ახალ საძიებო მოთხოვნას არეგისტრირებს, მისი მფლობელი კორპორაციის კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

6. eBay

ebay.com ონლაინ აუქციონების ყველაზე მსხვილი საიტია. ის 1995 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოშობით ირანელმა პროგრამისტმა, პიერ ომიდიარმა შექმნა. საინტერესოა, რომ ვებგვერდზე გაყიდული პირველი საქონელი გაუმართავი ლაზერი იყო. ომიდიარის მიერ გასართობად შექმნილი პორტალი რამდენიმე წელიწადში ელექტრონული კომერციის გიგანტად გადაიქცა. დღეს “იბეის” შემოსავალი წელიწადში 10 მილიარდზე მეტ აშშ დოლარს აღწევს. ის ისეთი კომპანიების მფლობელია, როგორებიცაა PayPal, Skype, Craigslist და სხვა.

რეკლამა
eudora.ge

5. YouTube

youtube.com პლატფორმა PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა, სტივ ჩენმა, ჩად ჰარლიმ და ჯოუდ კარიმმა 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსეს. პერსონალური ვიდეოკონტენტის გასაზიარებელ ვებგვერდზე ატვირთული პირველი ფაილი სახელად “მე ზოოპარკში” სწორედ ჯოუდ კარიმს ეკუთვნოდა. გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, “იუთუბი” 1,65 მილიარდ აშშ დოლარად კომპანია Google-მა შეიძინა. მსოფლიოში რეიტინგით მეორე საიტს ყოველდღიურად 30 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, მისი მომხმარებლების საერთო რაოდენობა კი 1,3 მილიარდს აჭარბებს.

4. Facebook

facebook.com მარკ ზაკერბერგმა ედუარდო სავერინთან, ენდრიუ მაკკოლუმთან, დასტინ მოშკოვიცთან და კრის ჰიუზთან ერთად 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში დააარსა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი თავდაპირველად ერთმანეთთან სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს აკავშირებდა, თუმცა, 2006 წლიდან ის 13 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. დღეს “ფეისბუქი” რეიტინგით მესამე ვებგვერდია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა დღეში საშუალოდ 1,6 მილიარდს შეადგენს. 

3. Roblox

roblox.com ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ვიდეოთამაშების შექმნის საშუალებას აძლევს. ის 2004 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დევიდ ბაზუკიმ და ერიკ კასელმა დააარსეს. დღეისთვის “რობლოქსი” ონლაინთამაშების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 100 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 435 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

2. Wikipedia

wikipedia.org ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსეს. მსოფლიოში ყველაზე დიდ ელექტრონულ ენციკლოპედიაში ტექსტის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. სწორედ ამიტომ, ვებგვერდზე განთავსებული სტატია შესაძლოა, არასწორ ინფორმაციასაც შეიცავდეს. “ვიკიპედია” მთლიანად დონაციაზეა დამოკიდებული და საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. თუმცა, კომერციული ინტერესის არარსებობის მიუხედავად, ის დღეს მსოფლიოში რეიტინგით მერვე საიტია. 

1. Twitter

twitter.com ჯეკ დორსის, ნოა გლასის, ბიზ სტოუნისა და ევან უილიამსის მიერ 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული სოციალური ქსელია. პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეზღუდული მოცულობის ტექსტების – ტვიტების გავრცელება შეუძლიათ. “ტვიტერს” ყოველთვიურად 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მსოფლიოში რეიტინგით მეოთხე ვებგვერდს განცხადებების გასაკეთებლად ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და სხვა საჯარო ფიგურები.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები