1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

1 იანვრიდან ძალაში შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც ზედმეტი ხმაურის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვა დასჯადი ხდება.

კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარს შეადგენს, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი შემთხვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა.

რეგულაციის მიზანია ქალაქებში ხმაურის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება.