„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის 2020 წლის პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსების მხრივ შუალედური ანგარიში წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით,
- არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან (პარტია და ბლოკი) 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შემოწირულება მიიღო.
ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა.
აქედან:
- მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ – 17 086 626 ლარი შესწირეს,
- პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი,
- ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.
როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მიიღო.
თუ წინა საარჩევნო წლების ტენდენციებს შევადარებთ, საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) „ქართული ოცნების” წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის” და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 29 სუბიექტის მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი – იურიდიული პირების მიერ.
“პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით ⅓-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (11,040 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 82% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს”, – ნათქვამია კვლევაში.