“ჩემი მეუღლის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი…”

“იმ ხელისუფლებამ მკვლელობა ჩაიდინა, ამ ხელისუფლებამ კი დამნაშავეები დააწინაურა”


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოში მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, სიცოცხლის უფლების არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. როდესაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, დაიწყება აღსრულების პროცედურა, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტი და მას ურთიერთობა ექნება საქართველოს მთავრობასთან. რადგან ევროსასამართლომ ყურადღება გაამახვილა გამოძიების ეფექტურობაზე, სახელმწიფოს დაევალება, ყველა ზომა მიიღოს სიმართლის დასადგენად და პასუხისმგებაში მისცეს დამნაშავეები. ისიც ცნობილია, რომ მთავრობას შავაძის ოჯახისთვის 40 000 ევროს გადახდა მოუწევს – ეს არის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის დაწესებული ჯარიმა.
12 წელია, როინ შავაძის ოჯახი სამართალს ითხოვს, მაგრამ ქვეყანაში ამას ვერ მიაღწია, ამიტომ ციცინო შავაძე იძულებული გახდა, ევროსასამართლოსთვის მიემართა. იგი ძალიან წუხს, რომ მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულები ისევ დაუსჯელები არიან.

– ძალიან ძნელია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს პატრიოტს პატივს არავინ სცემს და დღემდე არავის გახსენებია ეს საქმე. აუცილებელი იყო, საზღვარგარეთიდან მოსულიყო პასუხი, რომ საქმე გამოეძიათ? მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა. 

როინი იყო მებრძოლი, 18 წლიდან ფორმა არ გაუხდია. თუ დამნაშავე იყო, კანონით დაესაჯათ, წამებით რატომ მოკლეს?! კარგი, ის მთავრობა უნამუსო იყო, მაგრამ ახლანდელმა რა გააკეთა? მკვლელების მფარველები არიან! ხელახალი გამოძიებისთვის რამდენჯერ მივმართე, ყოველ მეორე თვეს შემქონდა საჩივარი, ერთი წუთით არ გავჩერებულვართ, მაგრამ არაფერს გვეუბნებოდნენ. ჩემი მეუღლის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი. ამით მათ სხვებიც გააფრთხილეს, თუ რამეს იტყვით, ამაზე უარესად მოგექცევითო. ჩემმა მეუღლემ იცოდა ისეთი რაღაც, რისიც მათ ეშინოდათ. ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირესო. აი, ეს არ აპატიეს. 

ორჯერ მიბრუნდა, მიცვალებულები გამოიყვანა და მოღალატე იყო? ბიჭებისთვის უთქვამს, ყველა შევიკრიბებით, ყველაფერს ვიტყვი და ვერავინ გამაჩერებსო. ძალიან ცუდად იყო. ომიდან რომ დაბრუნდა, სამხედრო ნიშნები არ ჰქონდათ. ბაზაზე შესვენებაზე გამოვიდა, ძველი ოქროს ბირჟის ტერიტორიაზე, სადაც სამხედროებისთვის ეს ნიშნები იკერებოდა და იქ აუყვანიათ. ვიდრე ამას გავიგებდი, ბაზიდან დამირეკეს, შესვენებაზე გავიდა და არ დაბრუნებულაო. დღეს რომ ვფიქრობ, ეს იცოდნენ და განგებ დამარეკინეს. ჩემი ზარი იყო მასთან ბოლო, ე.ი. ჩემი დახმარებით დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი. მთელი საგვარეულო 4-5 მანქანით დავდიოდით და ყველგან ვეძებდით. საღამოს გვითხრეს, რომ დააპატიმრეს და თბილისში წაიყვანეს. მერე უბნის რწმუნებული მოვიდა და გვითხრა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაშიაო. იქ მისულებს ძალიან ბევრი ფორმიანი დაგვხვდა, ის კი უკვე პროზექტურაში იყო გადასვენებული.
შავაძეების ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე დღევანდელ ხელისუფლებსაც ადანაშაულებს, რომ ეს საქმე არ გამოიძია. მეტიც – ადვოკატის თქმით, ამ საქმეში გარეული ხალხი “ქართულმა ოცნებამ” დააწინაურა.

რამინ პაპიძე, ადვოკატი:
– ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილია რამინ შავაძის სიცოცხლის უფლება. ასევე აღმოჩნდა პროცედურული დარღვევაც, ანუ დადგინდა, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა და მოხდა მტკიცებულებების ფაბრიკაცია. როინ შავაძის საქმე შედარებულია გირგვლიანის საქმესთან, სტრასბურგი ასევე მიუთითებს ვაზაგაშვილისა და ერთ თურქულ საქმეებს.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა უწყება ორკესტრირებულად მოქმედებდა და პროკურატურა, შს სამინისტრო და სასამართლო ერთად აყალბებდნენ საქმეს.
იუსტიციის სამინისტრომ თავის ოფიციალურ გვერდზე იმავე დღეს გამოაქვეყნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოკლე ამონარიდი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, და მიუთითეს, თითქოს მხოლოდ 2008 წელზე იყო ლაპარაკი, მაგრამ გადაწყვეტილების ორიგინალში ნათქვამია, რომ ამ საქმის გამოძიება 2013 და 2016 წლებშიც ხარვეზით მიმდინარეობდა და გარდაცვლილის მეუღლეს უფლებამონაცვლის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, ანუ ახლანდელმა ხელისუფლებამ სცადა წინა ხელისუფლებისთვის შეეწმინდა ხელი.

 კი ბატონო, როინ შავაძე სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლეს, გამოძიება ფაბრიკაციით დაიწყეს და ადამიანის უფლებები დაარღვიეს, მაგრამ არც მომდევნო ხელისუფლებას გამოუძიებია ეს საქმე. ჩვენ 2013 და 2016 წლებში სტრასბურგში გავგზავნეთ დამატებითი მასალები, მერეც მუდმივად ვთხოვდით ამ ხელისუფლებას გამოძიებას, მაგრამ გარდა იმისა, რომ დიდი ბრძოლის შემდეგ ქალბატონ ციცინო შავაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, საქმე წინ არ წასულა. უფლებამონაცვლის სტატუსიც სტრასბურგის დამსახურებაა – 2016 წელს სახელმწიფომ სტრასბურგიდან მიიღო შეტყობინება და მხოლოდ ამის შემდეგ დაფაცურდნენ.– სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ რას ელოდებით?
– ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვისაც შეხება ჰქონდა როინ შავაძის საქმესთან, ვინც არასწორად წარმართა საგამოძიებო მოქმედება, ან არასწორად შეადგინა საპროცესო დოკუმენტი. ამავე დროს იმ გამომძიებლებისა და პროკურორების დასჯას ვითხოვთ, ვინც არაფერი გააკეთა და ამდენი წელი ეს საქმე თაროზე ედოთ.

 შს სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი რესან კონცელიძე ერთ-ერთია გამყალბებლებს შორის. როდესაც როინ შავაძე მოკლეს, უმთავრესი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება – სწორედ ეს ითვლება გამოძიების ქვაკუთხედად, რადგან ამაზეა დამოკიდებული საქმის წარმოება. მაშინ რესან კონცელიძეს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების აჭარის სამმართველოს ყოფილი დირექტორი თემურ პატარიძე დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, რომ მათ სასარგებლოდ წარმართულიყო გამოძიება. რესანმა პოლიციელებს შემთხვევის ადგილზე გასვლა და როგორც მათთვის იყო საჭირო, ყველაფრის ისე გაფორმება დაავალა.

 გვამის პირველადი დასურათებისას ცხედარი პირქვე ჩაამხეს, ხელები კი სამხრეთისკენ წარმართეს. გარდაცვლილს თავი მარჯვენა მხარეს ედო, პისტოლეტი კი თავის მარჯვენა მხარეს, მაქსიმუმ 20 სანტიმეტის მოშორებით ეგდო.
როინ შავაძეს ოფიციალურად ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, რაც აბსურდია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, გაუგებარია, რატომ მიჰყავდათ ის თბილისში, როცა დროებითი მოთავსების იზოლატორი არის ქობულეთშიც და ბათუმშიც. თან იმ დროს გორის მაგისტრალზე რუსის ჯარი იდგა და მგზავრობა შეუძლებელი იყო. ეს იყო იმიტაცია, თითქოს ბადრაგით მიჰყავდათ, მერე შეაჩერეს, ხელბორკილი მოხსნეს, დაკავებულმა კი ერთ-ერთ სპეცრაზმელს პისტოლეტი გამოსტაცა, მომენტით ისარგებლა, გაქცევა სცადა და ამ დროს მოკლეს.
ჩვენებების მიხედვით, ერთ ადამიანს სპეცდანიშნულების რაზმის ცხრა თანამშრომელი აცილებდა, მაგრამ სინამდვილეში იქ უამრავი სპეცრაზმელი იყო – როინ შავაძე ბათუმის ოქროს ბირჟის ტერიტორიიდან 29 კაცმა გაიტაცა. ჯერ თავს დაესხნენ, ხელკეტებით სცემეს, მუშტები ურტყეს და მან იქვე გონება დაკარგა. ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ბარძაყი – მოტეხილი, თითები – დამტვრეული და დაზიანებული. ამის შემდეგ ის გურიისა და აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ქაქუთთან დახვრიტეს, მერე იმიტაცია შექმნეს, თითქოს გაქცევას აპირებდა. 

ამ ყველაფრის შეთხზვასა და მტკიცებულებების გაყალბებაში მათ სწორედ რესან კონცელიძე დაეხმარა და იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ, “ქართულმა ოცნებამ” ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია. სწორედ ამიტომ გვაქვს პრეტენზიები დღევანდელ ხელისუფლებასთან. გარდა კონცელიძისა, დააწინაურეს ვასილ როინიშვილიც, რომელიც მაშინ აჭარის პროკურორი იყო და რომელმაც ხელი შეუწყო გაყალბებას. დასჯის ნაცვლად ის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. დააწინაურეს ამ საქმის გამომძიებელიც, ვინც სააკაშვილის დროს იძიებდა საქმეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არც აჭარის ახალმა პროკურორმა ლევან გზირიშვილმა გააკეთა რამე დამნაშავეების დასასჯელად და ისიც დღეს იუსტიციის საბჭოშია. 

ზოგიერთი პროკურორი, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ საქმესთან, დღეს მოქმედი მოსამართლეა. აი, ამიტომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ამ ხალხის დასჯასაც მოვითხოვთ, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება მათ დასჯის. “ქართული ოცნების” ლოზუნგი, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებს გამოიძიებდა და სამართლიანობას აღადგენდა, ლოზუნგად დარჩა.– სახელმწიფომ ოჯახს 40 000 ევრო უნდა გადაუხადოს…


– პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და გამოყოს ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წარმოიდგინეთ, უშუალო მკვლელები – ის ცხრა კაცი – ისევ მუშაობენ სპეცრაზმში, მხოლოდ მათი უშუალო უფროსი თემურ პატარიძე აღარ არის თანამდებობაზე. გამომძიებელი ვარშანიძე, რომელმაც როინ შავაძის დაკავებისას შეადგინა დოკუმენტი, თითქოს პირადი ჩხრეკის დროს მას ნარკოტიკი აღმოაჩნდა, კარგა ხანს მუშაობდა სისტემაში, მერე კი დამსახურებულ პენსიაზე გაუშვეს, არადა ამ ეპიზოდზე 120 კაცია დაკითხული და ბევრი ამბობს, ისე სცემეს შავაძე, ორ წუთში გონება დაკარგა და, ფაქტობრივად, მკვდარი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, იქ არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულაო.


– ახალი ხელმძღვანელობა რას გეუბნებოდათ?– პროკურორ ლევან გზირიშვილს როცა ვეუბნებოდი, რატომ არ სჯით მკვლელებს-მეთქი, მპასუხობდა, ელიტარული სპეცრაზმის თანამშრომლები არიან, არ უნდა მათი დასჯა სახელმწიფოს, რადგან დიდი ფუფუნებაა პროფესიონალი სპეცრაზმელის ჩამოყალიბება სახელმწიფოსთვის, ისინი ხომ დავალებას ასრულებდნენო.

 სამ თვეში გზირიშვილი იუსტიციის საბჭოში გადაიყვანეს. იმ ხელისუფლებამ მკვლელობა ჩაიდინა, ამ ხელისუფლებამ კი თაროზე შემოდო როინ შავაძის საქმე და დამნაშავეები დააწინაურა – ეს არის მწარე რეალობა, თუმცა ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები