შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch საქართველოში შემოდის

პროექტი, რომლის  ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას ითვალისწინებს.

რეკლამა
eudora.ge

საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch თხილის პლანტაციებს გააშენებს, რომლის მოსავალიც მათ საქვეყნოდ ცნობილ ბრენდებში იქნება გამოყენებული, იუწყება  სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. 

შვეიცარიული კომპანია, რომელსაც არსებობის 91–წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში თხილის პლანტაციებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით გააშენებს.

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო კომპანიის ქვეყანაში შემოყვანა. მოხარული ვართ, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

პროექტი მთლიანობაში  650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

„ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კომპანიისთვის, რადგან თხილი ჩვენი შოკოლადის ძირითადი კომპონენტია. ყოველწლიურად 700 ტონაზე მეტი თხილი იხალება კომპანიის სათავო ოფისებში,”- განაცხადა Camille Bloch–ის შესყიდვების ხელმძღვანელმა და CB Georgia- ის დირექტორმა რენე მეიერმა.

სააგენტოს ცნობით, კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და კომპანიის მფლობელს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა. მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოც.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები