შეიძლება, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს – ამირან გამყრელიძე

კითხვაზე: შესაძლებელია, თუ არა აფთიაქებში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება, რათა ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდეს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს. მისი თქმით, აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ცე-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია“, – განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში “360 გრადუსი”.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკვე საუბრობს ტესტებზე, რომელიც ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსად, აფთიაქებში იყიდება.

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვას უკეთებს პირი ამ ტესტს, მაშინ შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები