სკანდალი ქართულ პოლიტიკაში: ISFED-ის ახალმა შედეგებმა ცხარე კამათი გამოიწვია

სკანდალი ქართულ პოლიტიკაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხმების დათვლის შედეგები თითქმის მთლიანად დაემთხვა საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შემაჯამებელ მონაცემებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა („სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“) პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა და პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი გამოიწვია.

ISFED 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ცესკოს პარალელურად ახორციელებდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ახალი მონაცემების საფუძველზე მას კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი ადგილების მიღება შეეძლო.

ამავე დროს პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად მთლიანად ემთხვევა ცესკოს შედეგებს.

„შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში მკაფიოდ ნათქვამია, რომ სხვაობას პარლამენტში სადეპუტატო მანდატების რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლაში გამოვლენილი ხარვეზი არსებითი არ არის და ის იმდენად მცირეა, რომ არც ერთი პარტიის მანდატების რაოდენობაზე არ ახდენს გავლენას, აცხადებს ISFED-ის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე.

თუმცა ამ მტკიცებულებას ყველა არ ეთანხმება. და არა მხოლოდ ოპოზიციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება იმის შესახებ, რომ „პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, არ შეესაბამება სიმართლეს“,- განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას არჩევნების შედეგების მიხედვით უფრო მეტი მანდატის მოპოვება შეეძლო.

რეკლამა
eudora.ge

„ქართული ოცნება“ კმაყოფილია

მთლიანობაში „ქართულ ოცნებაში“ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტების გამო კმაყოფილებას არც მალავენ.

„ცესკოს შედეგებისა და პარალელური დათვლის (PVT-ის) მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისგან ღიად მოითხოვა ბოდიშის მოხდა.

„ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკო-ს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის პრეტენზიები

ოპოზიციაში კი ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

„არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეორეც, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ ISFED-ს არ ეყრდნობოდა, ეყრდნობოდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც შეტანილი გვქონდა სასამართლოში და საოლქოებში და რომელთა განხილვაზეც უარი თქვა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციაში ასევე არჩევნების სხვა პრობლემებზე განაცხადეს.

უფრო მეტიც, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახეს კავშირი ახალ შედეგებსა და პარლამენტის პირველ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის, როდესაც ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ხმის დათვლის ხარვეზებზე ღიად საუბრობდნენ.

„არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა“ და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ როდესაც ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი არის კონფიდენციალური. შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით, ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, ეს შედეგები შესაძლოა გადამწვეტი გახდეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების პროცესში, რომლის მორიგი რაუნდი ორშაბათს გაიმართება.

ამ დროისათვის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა, უკვე განაცხადეს უარი სადეპუტატო მანდატებზე და პარტიული სიების ჩახსნის შესახებ ცესკოს მიმართეს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები