საქართველოში 8 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული

გამყრელიძისთვის მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ასეთი დიდი რაოდენობის ინფიცირებულს გაუძლებდა.

რეკლამა
eudora.ge

საქართველოში ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობამ 8 ათასს მიაღწია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ინფიცირებული მედიკოსების დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, მაგრამ მათ შორის არის მსხვერპლიც.

„გასულ კვირაში სამი ექიმი, მათ შორის ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგი დაგვეღუპა, რამდენიმე ექიმი აჭარაში, თბილისში, ეს რთულია“, – განაცხადა გამყრელიძემ და მედიკოსებს გმირული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და გადატვირთულობისა, უმკლავდება პაციენტების რაოდენობას.

„იდეალური არავინ ვართ, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ, დამერწმუნეთ, მე, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი მაქვს ჯანდაცვის სექტორში ყველანაირ პოზიციაზე, დაწყებული ჩვეულებრივი ექიმით, დამთავრებული კიდევ სხვადასხვა ჩინოვნიკურ პოზიციებზე, უფლება მაქვს შედარებითი ანალიზი გავაკეთო. დღეს პირადად მე არ მეგონა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების დაახლოებით 4 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის გართულებებისგან უკვე 1 342 ადამიანი გარდაიცვალა.

მთავრობა იძულებული იყო, ახალი შეზღუდვები დაეწესებინა. დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, არ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, შენარჩუნებულია პირბადის ტარების რეჟიმი და ღამით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები