როგორი ზამთარი იქნება საქართველოში

ბოლო წლებში ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო. პროგნოზის თანახმად, ამჯერად უფრო თბილი ზამთარი გველოდება.

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთარში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ერთი გრადუსით მეტი იქნება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობში პლუს 5–7 გრადუსია, მთაში – 0 – მინუს 2, ხოლო მაღალ მთაში – მინუს 4–2. აღმოსავლეთ საქართველოში კი საშუალო ტემპერატურა დაბლობში არის – 0–პლუს 2, მთაში – მინუს 2–0, მაღალ მთაში მინუს 5–3.

„სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ატმოსფერული ნალექის რაოდენობა ამ ზამთარს ნორმის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება ნალექის ნორმას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზამთარში მისი დონე 500–700 მილიმეტრს შეადგენს, მთაში – 300–450-ს, ხოლო მაღალ მთაში – 200–400-ს. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ნალექის საშუალო ნორმაა 70–120 მილიმეტრი, მთაში – 80–15, ხოლო მაღალ მთაში – 70–150.

რეკლამა
eudora.ge

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო წლებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 3-4 გრადუსს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში — 0-1 გრადუსს.

ბოლო დროს თბილისში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2014 წელს დაფიქსირდა — მინუს 13,9 გრადუსი, ხოლო 1883 წელს — მინუს 24 გრადუსიც იყო.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები