სექტემბერში უძრავი ქონების რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტლის მიმოხილვაში.
პანდემიის პირობებში შემცირების სტატისტიკის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე ეს პირველი პოზიტიური მონაცემია.
G&T-ის კვლევის მიხედვით, ზრდის მიზეზი ხელისუფლების მიერ ივლისში დაწყებული სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამაა, რომელმაც ახალ აშენებულ ბინებზე გაყიდვების წლიური ზრდა 10,8%-ით განაპირობა, რაც ბოლო სამი თვის შედეგია. რაც შეეხება პანდემიურ პერიოდში, კერძოდ სუბისიდირებამდე არსებულ ვითარებას, კვლევის მიხედვით, ამ დროს კლება 26.6%-ი იყო.
გაყიდვებში ლიდერობს გლდანი, სადაც 2020 წლის მე-3 კვარტალში წლიური 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა. არ შეცვლილა მაჩვენებელი სამგორში. რაც შეხება სხვა უბნებს, კვლევის მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში ყველგან შემცირება ფიქსირდება, ყველაზე მეტად კი, რეალიზაციამ იკლო ნაძალადევში – 32%-ით, შემდეგია კრწანისი – 17%-ით, 14-14%-ით შემცირდა გაყიდვები დიდ დიღომსა და ჩუღურეთში.
ამავე კვლევის მიხედვით, სექტემბერში ახალი ბინების ფასი 5.9%-ით შემცირდა.
უბნების მიხედვით კი უძრავი ქონების ფასები ასეთია:
- საბურთალო – 748 აშშ დოლარი (-8% წ/წ)
- დიდუბე – 681 აშშ დოლარი (+ 2% წ/წ)
- ისანი – 593 აშშ დოლარი (+ 3% წ/წ)
- დიდი დიღომი – 554 აშშ დოლარი (-1% წ/წ)
- გლდანი – 539 აშშ დოლარად (+5% წ/წ)
- მთაწმინდა – 936 აშშ დოლარი (-1% წ/წ)
- ვაკე – 891 აშშ დოლარი (-11% წ/წ)
- კრწანისი – 690 აშშ დოლარი (-16% წ/წ)
- ჩუღურეთი – 686 აშშ დოლარი (-9% წ/წ)
- ნაძალადევი – 568 აშშ დოლარი (+4% წ/წ)
- სამგორი – 533 აშშ დოლარი (+2% წ/წ)
ცნობისთვის, ივლისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები G&T-ის კვლევის მიხედვითვე 14. 9%-ით იყო შემცირებული, ხოლო აგვისტოში, 16.3%-ით.