რეგულარული ფრენების აღდგენა 2021 წლამდე გადაიდო

რეგულარული ფრენების აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი გამოსცა. შეზღუდვა ნოემბრის თვის მსგავსად, მხოლოდ 14 მიმართულებას არ ეხება. აქედან ოთხში რეგულარული ფრენები ოქტომბერშიც სრულდებოდა, ნოემბრიდან კი, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა კიდევ 7 ქალაქში აღდგა. დანარჩენი მიმართულებებით ფრენაზე ავიაკომპანიებმა ჯერჯერობით უარი თქვეს.

შეზღუდვა არ ეხება შემდეგ მიმართულებებს:

  1. თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  2. თბილისი-პარიზი (Air France და აირზენა)
  3. თბილისი-ვარშავა (Lot)
  4. თბილისი-ბერლინი (აირზენა)
  5. თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)
  6. თბილისი-ამსტერდამი (აირზენა)
  7. თბილისი-ვენა (აირზენა)
  8. თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები)
  9. ქუთაისი-რიგა (Wizzair -მა შეზღუდვების გამო, ნოემბრის ფრენები გააუქმა და დეკემბრის ბოლოს აპირებს რეისების აღდგენას).
  10. ქუთაისი-კატოვიცე (Wizzair – ფრენები გაზაფხულზეა დაგეგმილი)
  11. ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair – შეზღუდვების გამო, დეკემბრის ბოლოს აპირებს რეისების აღდგენას)
  12. ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair – შეზღუდვების გამო, იანვარში აპირებს რეისების აღდგენას)
  13. თბილისი-რიგა (Air Baltic -მა ნოემბრის ფრენები გააუქმა, დეკემბრის – ჯერჯერობით ძალაშია)
  14. თბილისი-მილანი (Ryanair – ჯერჯერობით, ავიაკომპანიას არაფერი უთქვამს ფრენების განახლებაზე და არც ბილეთები იყიდება)

ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა მაშინ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით დაუშვა – თვეში, ჯამში, დაახლოებით, 20 ფრენა. ასევე სრულდებოდა აირზენას ჩარტერული რეისები.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ”. ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.

როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს”. – ამბობდა ნათია თურნავა მაშინ.

რეკლამა
eudora.ge

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, “არააუცილებელი მიზნით” მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა. მოგვიანებით, ევროკავშირმა საერთოდ ამოიღო საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.

ფრენების დამატების გარდა, საქართველოს მთავრობამ სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.

ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან. 

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები