რა მოჰყვება პრემიერმინისტრის გადადგომას

რა მოჰყვება პრემიერმინისტრის გადადგომას, როგორია ის ცვლილებები, რომლებსაც ასეთ სიტუაციაში კანონი ითვალისწინებს და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სამთავრობო წრეებში – გთავაზობთ პროცედურებით გათვალისწინებულ იმ ქმედებათა სიას, რაც, როგორც წესი, პრემიერმინისტრის გადადგომას მოსდევს. 

მთავრობა აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერის დანიშვნამდე (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-1)

რეკლამა
eudora.ge
  • პარლამენტს პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ მთავრობას, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია (მოცემულ ვითარებაში, “ქართული ოცნება”) წარუდგენს. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-2)
  • პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად ორი კვირის ვადა აქვს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-2)
  • ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-2)
  • თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-3)
  • ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-5).
  • თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 56-3).

წყარო კონსტიტუციიდან:

“პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე”. – მუხლი 56-1.

“პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა”- მუხლი 56-2.

 “ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა”- მუხლი 56-2

“თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს” – მუხლი 56-3.

“საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას”, – მუხლი 56-4.

“მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება”, – მუხლი 56-5.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები