“რა ვქნათ მშობლებმა, ვინც უმუშევრები დავრჩით და ჩვილი ბავშვები გვყავს?! – ბავშვთა კვება გაძვირდა

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრად დარჩენილები ან შემცირებული ხელფასები, ბავშვები და ბავშვთა კვება, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელიც შეჭირვებულ საზოგადოებას აწუხებს.

“პრაიმტაიმი” მრავალშვილიან დედას, ლელა ბაღათურიას ესაუბრა. ის ოთხ შვილს ზრდის, ყველაზე პატარა 9 თვისაა. ამბობს, რომ ანდრიას კვებას ვეღარ ახერხებს, რადგან მისი მეუღლე უმუშევარი დარჩა და დანაზოგი აღარ ჰყოფნით, რადგან ადაპტირებული რძე, ხელოვნურ საკვებს რომ ეძახიან, პანდემიის პერიოდში, 4 ლარით გაძვირდა. პატარას კი ამ კონკრეტული საკვების ერთი ქილა ყოველ 48 საათში სჭირდება. ზაფხულამდე ეს კონკრეტული საკვები 17 ლარი ღირდა. ახლა, 21. 07 ლარი ღირს…

“რა ვქნათ მშობლებმა, ვინც უმუშევრები დავრჩით და ჩვილი ბავშვები გვყავს?! ბანკებში შევცვივდეთ, კლინიკები დავაყაჩაღოთ თუ აფთიაქები? ძალიან გაძვირდა ბავშვთა კვება, პედიატრმა კვების რაციონი და რეჟიმი შეიმუშავა, თუმცა როგორ უნდა ვკვებო თოთო ბავშვი არ ვიცი… ბუნებრივ კვებაზე გარკვეული მიზეზების გამო, არ მყოლია, ექიმმა Celia Nutrition-ი დაუნიშნა, მას ყოველ მეორე დღეს სჭირდება თითო ქილა, რომელიც ზაფხულიდან დღემდე უკვე 4 ლარით გაძვირდა, 17 ლარის ნაცვლად, 21.07 ლარს ვიხდით. ამის გარდა, პატარებისთვის განკუთვნილი ორცხობილაც გაძვირებულია, 2.76 ლარით. ცალკე საკითხია ჰიგიენის საშუალებები. მეუღლე უმუშევარი დარჩა, მისი სამსახური დაიხურა. ახლა, ყველა სტუმარს ხელებში ვუყურებ, პატარას იქნებ ან ფული აჩუქონ, ან საჭმელი მოუტანონ-მეთქი. თვეში ერთ კვებაში 325 ლარი სჭირდება, ესეც მხოლოდ პირველი და ბოლო კვებაა, მათ შორისაა – ხილი, მაწონი და ორცხობილა, ბოსტნეულისა და ხორციანი წვნიანები და ფაფა, რომელიც 1.80 ლარით მეტია, ვიდრე აქამდე ღირდა. ეს თანხა, 900 ლარზე ადის.

რეკლამა
eudora.ge

როცა ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტული პროდუქტები დაასახელა, ლობიო, შაქარი, წიწიბურა და ა.შ. არავის გახსენებია ჩვილები, რომლებსაც თვითნებურად ვერ შევუცვლით საკვებს. კიდევ ამბობენ, ბავშვები გააჩინეთო, როგორ, რანაირად, ვინმეს ახსენდება ჩვენი თოთოები? იქნებ ახლა მაინც შეიბერტყონ ყურები და აღარ გააძვირონ მეტი, ჩვილებს ხომ არ დავხოცავთ? შიშით და ხელის კანკალით ვუმზადებ საკვებს, ვაი და აღარავინ მოგვიტანოს…” – ამბობს დედა.

“პრაიმტაიმი” სოციალურად დაუცველ დედას ესაუბრა, რომელსაც 6 თვის შვილი ჰყავს. ის სახელმწიფო კრიზისულ პროგრამაშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სააფთიაქო ვაუჩერი ყოველთვიურად გადაეცემა, 80 ლარის ოდენობით, ერთ წლამდე ვადით.

ლუიზა კაკულია ამბობს, რომ ეს ძალიან ცოტაა და სახელმწიფო დახმარება მის შვილს არ ჰყოფნის, რადგან 80 ლარით სამი კოლოფი რძეც არ მოსდის და დედას დამატება უწევს. სამი კოლოფი საჭმელი კი, მხოლოდ 9 დღე-ღამეა საკმარისი.

“სოციალურად დაუცველი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შემიძლია. ხანძრის გამო, მშობლების სახლი დაიწვა და დავრჩი ღია ცის ქვეშ, ქმარი დამეღუპა და ორსული ამ საშინელ მდგომარეობაში დავრჩი. ღვთის წყალობით, პატარა ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ახლა, ხელმოცარული დედა აშიმშილებს.

წარმოდგენაც არ მინდა, რა მეშველება, როცა სხვა აუცილებელი პროდუქტები დაემატება, რომელსაც ვერ ვუყიდი. ჩვენ კრიზისული დახმარების პროგრამაში ვართ და ჩემი პატარასთვის საკვები ვაუჩერი მეძლევა 80 ლარიანი, ამ ფულით 3 კოლოფი საკვები რომ ვიყიდო, 2 ლარს ვამატებ. აქ საუბარი აღარაა, პამპერსზე, მაზებზე და სხვა საჭირო საშუალებებზე. ეს 3 კოლოფი რძე 9 დღე ჰყოფნის, დანარჩენი შაქრიან წყალს ვამზადებ და მაწონს ვურევ, მაგრამ ვერ იღებს მისი ორგანიზმი. უფრო იაფიან საჭმელსაც ვერ ვყიდულობ, ალერგიას აძლევს, რა წყალში გადავვარდე არ ვიცი…” – ამბობს სოციალურად დაუცველი დედა.

პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ადაპტირებული რძე 2-დან 6 ლარამდეა გაზრდილი. რაც შეეხება მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილის, სოციალურად დაუცველთათვის გაიზრდება თუ არა ერთ წლამდე ბავშვების საკვები ვაუჩერის თანხა, ამ საკითხს “პრაიმტაიმი” არკვევს.

რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, აცხადებენ, რომ ბავშვთა კვების ნაწილის შემომტანები თავად არ არიან და შესაბამისად, არც ფასის მომტების გადაწყვეტილებას იღებენ.

“დამოკიდებული ვართ მომწოდებელზე. შესაბამისად, ფასწარმოქმნა ჩვენზე არაა დამოკიდებული და ფასს ადგენს მომწოდებელი.” – აცხადებენ ავერსში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები