რას გულისხმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ჰუმანიტარული ზავი და დასრულდა თუ არა საბრძოლო მოქმედებები

26 ოქტომბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა. შეთანხმება აშშ-ს დეპარტამენტის დახმარებით შედგა.

რეკლამა
eudora.ge

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვი​თან და ზოჰრად მნაცაკანიანთან, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ ზავზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 26 ოქტომბერს 08:00 საათზე შევიდა.

ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე).შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთი ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანული მხარის ამ განცხადებიდან, დაახლოებით ერთ საათში უკვე სომხურმა მხარემ დაადანაშაულა აზერბაიჯანი შეთანხმების შეუსრულებლობაში.

„უხეშად დაარღვიეს შეერთებულ შტატებში მიღწეული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, აზერბაიჯანულმა მხარემ 08:45 საათზე გახსნა საარტილერიო ცეცხლი“, – დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა „ფეისბუქზე“.

| რას გულისხმობს ჰუმანიტარული ზავი?

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე  განმარტავს, რომ ჰუმანიტარული ზავი ბევრ ასპექტს მოიცავს, თუმცა ამ შემთხვევაში ტყვეებისა და ცხედრების გაცვლაა მნიშვნელოვანი.

არეშიძის თქმით, იქამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჟენევაში 29 ოქტომბერს გადაინაცვლებს, აზერბაიჯანი ცდილობს სტრატეგიული ობიექტი, ლაჩინის კორიდორი დაიკავოს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხარეები ამას აკეთებენ იმისთვის, რათა მსოფლიოს დაანახონ საკუთარი მზაობა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. შესაძლოა, აზერბიჯანული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, რომ ვიდრე საერთაშორისო ზეწოლა გამკაცრდება, მანამდე მოახერხოს რაც შეიძლება უკეთესი სტრატეგიული სივრცის დაკავება და იგულისხმება ლაჩინის კორიდორი. ლაჩინის კორიდორამდე 10 კილომეტრია დარჩენილი. გუშინდელი და დღევანდელი საბრძოლო მოქმედებები სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული.

ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღი პრაქტიკულად, ერთი პატარა ვიწრო ზოლის გარდა, მოწყვეტილი იქნება სომხეთისგან. თუ დასახული მიზნისკენ სვლას იმ ინტენსივობით გააგრძელა, როგორიც აქამდე იყო, ბაქოში ფიქრობენ რომ მოასწრებენ მის დაკავებას“, – ამბობს არეშიძე.

|რამდენად მნიშვნელოვანია ლაჩინის კორიდორი?

ქალაქი ლაჩინი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ ამჟამად ტერიტორიას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა აკონტროლებს.

აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ ლაჩინი არის ლაჩინის რაიონის რეგიონალური ცენტრი. ქალაქი და მისი მიმდებარე რეგიონი წარმოადგენს ლაჩინის სტრატეგიული დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

მამუკა არეშიძის განცხადებით, ლაჩინის დასახლებაში უკვე გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, „დამკვირვებლების“ სახით, რაც აზერბაიჯანული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს.

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური ბაქო იერიშს მიიტანს აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტიში შესაძლოა, უკვე რუსეთიც ჩაერთოს. აქამდე რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ოფიციალურად ვერ ერთვებოდა.

მერე უკვე ეს ამბავი შეწყდება. ლაჩინის კორიდორს ვეღარ აიღებენ, იმიტომ რომ ლაჩინში პირველად გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, ვითომ დამკვირვებლების სტატუსით და ააფრიალეს რუსული დროშა. თვითონ ლაჩინის კორიდორზე შეტევის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ შეტევა გადაიზარდოს რუს სამხედროებზე თავდასხმაში

– განმარტავს არეშიძე და პარალელს ავლებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე, სადაც რუსული მხარე საქართველოს მიმართ, ძირითად ბრალდებად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას იყენებდა.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშვიდობოები არ არიან და იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანი იერიშს მიიტანს ლაჩინზე და ამ დაპირისპირებაში რუსი „დამკვირვებლები“ მოექცევიან, რუსეთი 2008 წლის სცენარს გაითამაშებს.

მეორე სტრატეგიული ობიექტი ქალაქი შუშაა, რომელიც ზღვის დონიდან 1368 მეტრზე მდებარეობს. ქალაქი შუშაც და ლაჩინიც მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი წლებია მიმდინარეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში უკვე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ.

9 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავიდნენ და მათ რუს კოლეგასთან ერთად 10 საათზე მეტხანს ისაუბრეს. შედეგად ერევანი და ბაქო მთიან ყარაბახში ცეცხლის შეწყვეტაზე მაშინაც შეთანხმდნენ. მხარეებმა განიხილეს ზავის კონკრეტული დეტალები, მათ შორის დატყვევებული პატიმრების გაცვლა. თუმცა, იმავე დღეს მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს და ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ჰუმანიტარული ზავის ორგანიზების მეორე მცდელობა 18 ოქტომბერსაც იყო.

ამასთან, ეუთო მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი) და ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება შეხვედრა, სადაც განიხილავენ, შეთანხმდებიან და განახორციელებენ ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები