რამდენ ხანში გამოიღებს შედეგს ლოკდაუნი: ცერცვაძის ვარაუდი

ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები დააწესა, ხოლო დღეიდან ორი თვის განმავლობაში ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს.

 ნაწილობრივი ლოკდაუნი და ტესტირების გაფართოება დაახლოებით სამი კვირიდან ერთი თვის მონაკვეთში პოზიტიურ შედეგს მოიტანს, განაცხადა  საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

ამასთან, დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთებს. ამას ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა ორმაგდება.

„ამ გაზრდილი დინამიკის ფონზე ორმაგდება რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა, როგორიცაა: პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელების, სამუშაო ადგილის ჰიგიენა. უნდა შევეცადოთ, რომ შემცირდეს ეს აღმავალი დინამიკა და ამისთვის ფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ ნაწილობრივი ლოკდაუნი და ამისთვის ფართოვდება ტესტირება, ხდება ტესტირების გაორმაგება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით,  ტესტირების გაორმაგება და ნაწილობრივი ლოკდაუნი დაახლოებით სამ კვირაში, ერთ თვეში აუცილებლად გამოიღებს  პოზიტიურ შედეგს.

რეკლამა
eudora.ge

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 143.376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121.621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.342 მოქალაქე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები