„პურის რიგები გვაკლია და 90-იანი წლებია“ – გაზის რიგში

დღეიდან ბათუმში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო უკვე არსებულ შეზღუდვებს მთელი რიგი ახალი აკრძალვები დაემატა.

უამრავი პრობლემის პარალელურად, ბათუმელებს დილიდან მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

როგორც შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.

ბათუმის მოსახლეობა ამ ფაქტის წინაშე სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც შემონახული ჰქონდა გაზის ბალონები და ბათუმის რამდენიმე ლოკაციაზედაახლოებით 12 საათიდან გამოჩნდა გაზის მანქანები და ცოცხალი რიგი, ასევე მოქმედებს ბინაზე გამოძახების სერვისი.

თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გაზის ბალონის შესავსებად რამდენიმე საათიანი რიგში დგომა და ლოდინი უწევთ.

რეკლამა
eudora.ge

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში 90-იანი წლები დაბრუნდა.

„პურის რიგები გვაკლია და 90-იანი წლებია. თუმცა მაშინ არ ყოფილა ასეთი გაჭირვება და უმუშევარი, მშიერი ხალხი სახლებში არ ვყოფილვართ გამოკეტილი. ასეთ გამწარებულ პირობებში, კიდევ გაზის გათიშვა გვინდოდა? გავიყინეთ, საჭმელი ვერ მოვამზადეთ. ამ ხნის ქალი საათნახევარი ვიდექი რიგში და გათავდა გაზი, აქ გადმოვინაცვლე და აქაც არ მომიწევს მგონი“, – აცხადებს ერთ-ერთი ბათუმელი.

ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს ადაპტირება ამ სიტუაციაში, უმცირესობაში არიან. ბათუმელების დიდი ნაწილი კი გამოსავალს ვერ პოულობს.

„გაზის ბალონიც არ მაქვს, რომ საჭმელი მაინც გავუმზადო ბავშვებს. აქეთ სიცივე, აქეთ შიმშილი, ამას დამატებული უმუშევრობა, როგორ ვიარსებოთ, რა გავაკეთოთ, ადარდებს ვინმეს? სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს და შესაძლოა რამდენიმე დღე არ აღდგეს გაზის მიწოდებაო. რაღას გვაწვალებენ, ბარემ დაგვხოცონ შიმშილით და სიცივით“, – აცხადებს თინა ბოლქვაძე.

არსებულ პრობლემას ისიც ემატება, რომ პურის საცხობების უმრავლესობა ბუნებრივ აირზე მუშაობს და ვერ ახერხებენ პროდუქციის წარმოებას, რის გამოც ქალაქში პურის ნაკლებობაა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები