პომპეო: აშშ და ინდოეთი უნდა ფოკუსირდეს ჩინეთისგან მომავალ საფრთხეზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ,უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. ინდოეთში პომპეო და თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. 

“დღეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენნაირი ორი დიდებული დემოკრატიისთვის, რომ დაახლოვდნენ… რა თქმა უნდა, ბევრად მეტი საქმეა გასაკეთებელი. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი: ჩვენი კავშირი პანდემიაზე, რაც ვუხანში წარმოიშვა, [კავშირი] რომ შევეწინააღმდეგოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, რათა წავახალისოთ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში”. – თქვა პომპეომ. 

ესპერმა განაცხადა, რომ მათი მთავარი ფოკუსი ახლა არის ის, რომ მათი კავშირის ინსტიტუციონალიზება და რეგულარიზაცია მოხდეს, რათა შეხვდნენ გამოწვევებს, დაიცვან თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანეთის პრინციპები. 

ამ თვეში ინდოეთმა საზღვაო წვრთნებში, რომელსაც აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად ყოველწლიურად ატარებს, ავსტრალიაც მოიწვია. 

27 ოქტომბერს მხარეები ხელს მოაწერენ სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე.

ჩინეთი გმობს პომპეოს ბრალდებებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ჭაო ლიძიენი, მას მოუწოდებს, “ცივი ომის მენტალიტეტი მიატოვოს” და ჩინეთის საფრთხეზე ბევრს ნუ ლაპარაკობს.

რეკლამა
eudora.ge

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე.

ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის – მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები