“პატრიარქი წუხს…” – რას ჰყვება ილია მეორის ექიმი, გულიკო ჩაფიძე

გუშინ ცნობილი გახდა,  რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კარანტინშია. უკვე რამდენიმე კვირაა, უწმინდესი  წირვებს აღარ ატარებს. ასაკოვანი პატრიარქის ჯანმრთელობას, საპატრიარქოში, უფრთხილდებიან და მასთან ძალზედ შეზღუდულად კონტაქტობენ.

რეკლამა
eudora.ge

კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე ერთ-ერთია, ვისაც ამ პირობებში, უწმინდესის მონახულება შეუძლია. უკვე 31 წელიწადია, რაც ქალბატონი გულიკო ილია მეორეს კვირაში ორჯერ-სამჯერ ნახულობს. ეს მისი ცხოვრების წესია.

როგორც კარდიოლოგი “პრაიმამბებს” უყვება, თვითონაც კარანტინშია, რომ უწმინდესთან მისვლა შეეძლოს.

გულიკო ჩაფიძე: – ბოლოს ორი დღის წინ ვნახე და დღესაც მივდივარ მოსანახულებლად. კარანტინშია, მეც კარანტინში ვარ. სახლში ვარ ჩაკეტილი, რომ მისი ნახვის უფლება მქონდეს. ჩვენთან, კლინიკაში, ვირუსი გავრცელებულია და ამიტომ მე სახლში ვარ.

სექტემბერში 31 წელი შესრულდა, რაც  მე უწმინდესთან დავდივარ საპატრიარქოში.

პატრიარქი ფიზიკურად კარგად არის, ღმერთის წყალობით, სამკურნალო არაფერი სჭირს. წუხს, ვირუსი რომ ასე არის გავრცელებული. პანდემიურ სიტუაციას განიცდის. ხალხზე ლოცულობს, სიმშვიდეზე ლოცულობს. უნდა, რომ ხალხი დაწყნარდეს. წუხს, რომ ეკლესიაში ვერ დადის.

დეკემბრის მეორე ნახევრიდან, ალბათ, დაიწყებს ტაძარში სიარულს. ვირუსის გავრცელებაც, ალბათ, შემცირდება… მთელი იანვარი დატვირთული იქნება. ამიტომ ახლა უნდა მოვუფრთხილდეთ.

ყველა რომ სწორად იცავდეს რეგულაციებს, ასეთი ფონი არ იქნებოდა.

პატრიარქს აინტერესებს, სხვა ქვეყნებში პანდემიის კუთხით რა მდგომარეობაა. ამას წინათ მკითხა, ინგლისის დედოფალი როგორ არისო? გადმოსცეს, ელისაბედი დეკემბერში ვაქცინას იკეთებსო.

დიდად საუბრის განწყობაზე არ არის. მოცარტი უყვარს და კლასიკას ხშირად უსმენს. მე უბრალოდ მოსანახულებლად მივდივარ. ყურადღებას ვაქცევ. ზოგჯერ კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ ვნახულობ. მენატრება ხოლმე…

ახლა საპატრიარქოში სიწყარეა, არავის უშვებენ. მიმოსვლა აკრძალულია, უწმინდესი იზოლირებულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ ვნახულობთ. დანარჩენი, ვინც საპატრიარქოშია, გარეთ არ გამოდიან. გაფრთხილება საჭიროა. თორემ ისე, სულ ხალხმრავლობაა უწმინდესთან. დასალოცად მიდის ხალხი. ესეც აწუხებს, რომ ახლა ხალხი ვეღარ დადის, მაგრამ ეს დროებითია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები