ორი მიზეზი, რის გამოც პურზე ფასები ავარდება და რას გვატყუებს სოფლის მეურნეობის მინისტრი?

ხელისუფლებას კიდევ ერთი თავისტკივილი აქვს და ეს… კვლავ ხორბალი გახლავთ. კი გვიმტკიცებდა ლევან დავითაშვილი, 2 თვის მარაგი გვაქვს და თან გაძვირებული ხორბლის სუბსიდირებას ვახდენთო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მაშინ, როცა ეს ორი თვის მარაგი გათავდება, ხორბლის ფასი ტონაზე მინიმუმ 25 ევროთი გაიზრდება და რაც მთავარია, უკვე არა ფულის, არამედ ხორბლის პრობლემა დადგება. რატომ? იმიტომ, რომ 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს, ჩვენ კი ხორბლის 100% (ვიმეორებთ, 100%) სწორედ რუსეთიდან შემოგვაქვს. ბატონი ლევანი ახლა ამბობს, 25 ევროთი რომ გაიზრდება რუსული ხორბლის ფასი, ის ფრანგულ ხორბალს გაუთანაბრდება და ფრანგებისგან ვიყიდით, აქამდე მათგან მხოლოდ ფასის გამო არ ვყიდულობდით, იაფად გვსურდა შეძენაო, თუმცა…

11 ათასი რესტორნიდან, მხოლოდ 500 გადარჩება – შოთა ბურჯანაძე

„საფრანგეთიდან ხორბლის შემოტანის მცდელობა სააკაშვილსაც ჰქონდა, მარგველაშვილსაც და ბოლოს ზურაბიშვილს. ქალბატონი სალომე ხომ საფრანგეთშია გაზრდილი, იქაური პოლიტიკური წრეებისთვის შინაურია, მაგრამ ეს პრობლემა ვერც მან მოაგვარა, რადგან ფრანგები მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლები არიან და შესაბამისად, მსხვილი მყიდველები ჰყავთ. მათ არ აწყობთ საქართველოს დარ, არასტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობა და გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ფრანგებთან მოლაპარაკება უბრალოდ არ გამოვა“, – გვეუბნება სწორედ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ფრანგების ნაცვლად, მოლაპარაკება… უნგრეთთან მიმდინარეობს.

რეკლამა
eudora.ge

მართალია, უნგრული ხორბალი ისეთი ხარისხის ვერ არის, როგორიც რუსული და ფრანგული, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ფქვილი მისგანაც მიიღება. ამიტომ, თუ უნგრელებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მაშინ პრობლემა მოგვარდება, თუმცა… თუ გახსოვთ, იგივე ლევან დავითაშვილმა გვითხრა, პური რომ არ გაძვირდეს, სახელმწიფო სუბსიდიას გამოყოფს, პურის მწარმოებლები თვეში დაახლოებით 2.5 მილიონ ლარს მიიღებენ და ფასს შეინარჩუნებენო. მაშინ ისიც ითქვა, რომ ეს სუბსიდია 4 თვეზე იქნებოდა გაწერილი და საერთო ჯამში, ამ საქმისთვის სახელმწიფომ 10 მილიონი ლარი გადადო. ახლა კი რა გამოდის? ხორბალი თუ ძვირდება და თან ტონაზე 25 ევროთი (რაც ძალიან ბევრია, რადგან ამ თანხას თუნდაც იგივე უნგრეთიდან ტრანსპორტის ხარჯი დაემატება), სახელმწიფოს დამატებითი სუბსიდიის გამოყოფა მოუწევს. საინტერესოა, როდემდე უნდა ვიცხოვროთ „იაფი პურის ტყუილში“, რადგან რეალურად, მთავარი საკვები პროდუქტი კარგა ხანია გაძვირებულია, ჩვენი გადასახადებიდან ბიუჯეტში შესულ ფულს სახელმწიფო სუბსიდიაში იყენებს და თან გვეუბნება, რა გინდათ, პური ხომ არ ძვირდებაო?! ბოლოს ისე არ გამოვიდეს, ხელისუფლებამ სუბსიდიაზე უარი თქვას (ამის გაკეთება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს) და პურის ფასი ერთბაშად არ გაორმაგდეს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მცირე საცხობებს ბუნებრივი აირის გადასახადი გაუძვირდათ და ისინი უბრალოდ იძულებულნი გახდებიან, ან პურის ფასს მოუმატონ, ან უბრალოდ დაიხურონ, რადგან… ხელისუფლება სუბსიდიას მხოლოდ მსხვილი მწარმოებლებს აძლევს, თორემ უბანში ვიღაცას თონე რომ აქვს და გემრიელ ლავაშს აცხობს, ეგ არ ითვლება. ჰო, უნგრეთი რომ იმდენს ახერხებს, ხორბლის სერიოზული მოთამაშე იყოს ევროპაში და ჩვენ ნახევარი საქართველოს ოდენობის მიწები ზამთარ-ზაფხულ დასამუშავებელი რომ გვაქვს, ცალკე საუბრის თემაა.

საქართველო არ არის ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა… სუპერმარკეტში ვხედავ ბევრ რიგს, აბა ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან?

და ერთიც – შუა დეკემბერში, მესტიის ზემოთ სოფლებში წვიმა რომ წამოვიდა და სოფლების უხუცესებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ უთხრეს, დეკემბრის ამ დროს (უფრო ზუსტად, 16 დეკემბერს) წვიმა არც ჩვენ გვახსოვს და არც წინაპრებისგან გაგვიგია, გლობალური დათბობა სვანეთისთვის უდიდესი პრობლემა იქნებაო, საერთოდ არ გაგვაგებინეს. არც იმას გვეუბნებიან, რომ იგივე სვანეთსა და რაჭაში არსებული მყინვარები ყოველწლიურად 40-დან 100 მეტრამდე რომ მოკლდებიან და მდინარეებში წყალი იკლებს, უდიდესი პრობლემაა. მხოლოდ ის ითქვა, ენგურჰესი უწყლოობის გამო გაჩერდაო და უწყლოობის მიზეზებზე ხმა არ ამოუღიათ. დანარჩენი მსოფლიო გლობალური დათბობის პრობლემის შესასწავლად მილიარდებს ხარჯავს, თუმცა ჩვენ ამისთვის ჯერ ვერ მოვიცალეთ და… პრინციპში, არც მილიარდები გვაქვს, ამ მიმართულებით რომ გავხარჯოთ, ჯერ მილიონები უნდა გამოვყოთ პურის ფასი როგორმე რომ დავიჭიროთ, თორემ ხალხი შიმშლით დაიხოცება. ჰო, ახალ წელს ჯერ არ გილოცავთ, იქეთა ორშაბათიც ამ წლისაა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები