ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და ასევე შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროპორციული სისტემით მოპოვებული მანდატებით მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

პროპორციული სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 61 დეპუტატის შეყვანის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 35 დეპუტატი, „ევროპულ საქართველოს“ – 5 დეპუტატი, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „გირჩს“ – 4-4 დეპუტატი, „მოქალაქეებს“ – 2 დეპუტატი, ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას“ 1 დეპუტატი ეყოლება.

ამასთან ერთად, თუ მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებს, ამოქმედდება ე.წ. ჩამკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიიდან დააკლდება 1 მანდატი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადანაწილდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიით 60 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 36 დეპუტატი ეყოლება.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები