„ნუ ყიდულობთ ყველაფერს“: ბრიტანელები მაღაზიებს აცარიელებენ

Brexit–ის  სავაჭრო შეთანხმების გარეშე გაფორმება ბრიტანეთს მომავალ წელს კვების პროდუქტებზე საბაჟო გადასახადებს 3 მლრდ გირვანქა სტერლინგით გაუზრდის და შესაბამისად, პროდუქტი გაძვირდება

ბრიტანეთის რიტეილერთა კონსორციუმმა (BRC) მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ მაღაზიებიდან საქონლის მასობრივად შესყიდვისგან, იუწყება გამოცემა The Independent–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება ვერ გააფორმა და გაერთიანებიდან გასვლა შეიძლება ამ შეთანხმების გარეშე მოუხდეს, მოსახლეობა იმარაგებს ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება.

„სავაჭრო ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი მდგომარეობისთვის მოემზადნენ: ზრდიან კონსერვების, ტუალეტის ქაღალდისა და სხვა იმ პროდუქციის მარაგებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ინახება“, — განაცხადა BRC–ის აღმსარულებელმა დირექტორმა ჰელენ დიკინსონმა.

მისი თქმით, ბრიტანელებს არ სჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი საკვები პროდუქტების მომარაგება, ვინაიდან Brexit –ის შედეგები, უარეს შემთხვევაში, მხოლოდ იმპორტირებულ ახალ პროდუქტებს შეეხება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არც ინახება.

ამასთან ჰელენ დიკინსონი ხაზს უსვამს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისთვის „მზადყოფნა ძალიან ძნელია“, ვინაიდან ბოლომდე ჯერ კიდევ არავინ იცის, კონკრეტულად რა სფეროებში ელის ქვეყანას ცვლილებები.

The Independent–ის განმარტებით, Brexit–ის  სავაჭრო შეთანხმების გარეშე გაფორმება დიდი ბრიტანეთისთვის 2021 წელს კვების პროდუქტებზე საბაჟო გადასახადების 3 მლრდ გირვანქა სტერლინგამდე გაზრდასა და ფასების მატებას ნიშნავს.

დიკინსონის თქმით, სწორედ მოსახლეობას მოუწევს „საფასურის გადახდა“ იმისთვის, რომ ლონდონსა და ბრიუსელს მოლაპარაკების უნარი არ აღმოაჩნდათ და სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კვირას ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მოლაპარაკებების განგრძობას Brexit-თან დაკავშირებით.

რეკლამა
eudora.ge

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2021 წლიდან უნდა დატოვოს და მხარეებმა დეკემბერში უნდა მოასწრონ იმ პინციპების შეთანხმება, რომლებზე დაყრდნობითაც ექნებათ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში — ეკონომიკიდან  ვაჭრობამდე და გემთმშენებლობამდე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები