მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ღირებულების სამედიცინო ჟანგბადის გენერატორებს ყიდულობს. ტენდერი გამარტივებული წესით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 16 ნოემბერს გამოცემული დადგენილებიდან გახდა ცნობილი. 

“ინფექციის [COVID – 19]შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება COVID-19-ის მართვისთვის მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6000 საწოლზე მეტი და თვის ბოლომდე კიდევ იგეგმება 2400 საწოლის დამატება. აღსანიშნავია, რომ COVID–19-ით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სამედიცინო ჟანგბადი”. – წერია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში. 

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში სექტემბრის პირველი ნახევრიდან გართულდა. ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 45 პაციენტი. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ამ დროის განმავლობაში 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა. სულ 16 219 აქტიური შემთხვევაა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები