მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილს გრძნობს

ავსტრალიაში მდებარე მელბურნის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ბანგლადეშის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელსაც შეხებისა და სხვადასხვა სახის ტკივილის შეგრძნება შეუძლია. გამოცემაში Advanced Intelligent Systems გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგია ახლო მომავალში მედიცინის არაერთ სფეროში დაინერგება.

კანი ადამიანის აგებულებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი საშუალებით ორგანიზმი ამა თუ იმ გარე ფაქტორზე რეაგირებს და სხეულს თავდაცვისკენ უბიძგებს. მეცნიერთა მიერ შექმნილი ხელოვნური ქსოვილი სწორედ კანის ამ ფუნქციას იმეორებს.

ელექტრონული სენსორებით აღჭურვილი სილიკონის თხელი ფირფიტა ძლიერ და სუსტ მოჭერას, სიცხესა თუ სიცივეს ერთმანეთისგან განასხვავებს და როდესაც ზემოაღნიშნული გამღიზიანებლები ტკივილის მინიმალურ ზღვარს კვეთენ, განგაშის სიგნალს აგზავნის. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კანი ორგანიზმის თითქმის მყისიერ უკუკავშირს იმიტირებს და შეხებასა თუ ტკივილზე რეაგირებას იმავე სისწრაფით ახდენს, როგორითაც იმპულსები ტვინს მიეწოდება.

რეკლამა
eudora.ge

მეცნიერებმა ხელოვნური კანის შესაქმნელად სხვადასხვაგვარი სომატოსენსორები გამოიყენეს. მათ სამი ინოვაციური ტექნოლოგია გააერთიანეს – ელასტიკური ელექტრონიკა, ტემპერატურისა თუ წნევის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე საფარი და მეხსიერების უჯრედები, რომლებიც გამაღიზიანებლების მიერ გადაცემულ ინფორმაციას ინახავენ.

ნაშრომის ავტორების თქმით, ხელოვნური კანის გამოყენება შეიძლება, როგორც იმპლანტის სახით, ასევე ქირურგებისთვის განკუთვნილი “ჭკვიანი” ხელთათმანების დასამზადებლად და ჰუმანოიდი რობოტების დასახვეწად, რათა ისინი ადამიანებს უფრო მეტად ჰგავდნენ. მათი აზრით, ინოვაციური პროდუქტი “მგრძნობიარე” პროთეზების შექმნაშიც დაგვეხმარება, რაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები