მეცნიერებმა მარსზე 4 მილიარდი წლის წინ მომხდარი წყალდიდობის კვალი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, ჰავაის, კორნელისა და ჯექსონის უნივერსიტეტებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, მარსმავალ Curiosity-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წითელ პლანეტაზე დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის კვალი აღმოაჩინეს.

NASA-ს მარსმავალი წითელი პლანეტის ეკვატორის მახლობლად განლაგებულ გეილის კრატერში 2012 წელს დაეშვა. მას შემდეგ აპარატმა ამ რეგიონზე დაკვირვება და მოპოვებული ფოტომასალის დედამიწაზე გამოგზავნა შეძლო. გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა სწორედ აღნიშნული მონაცემები გააანალიზეს და კრატერის ცენტრში მდებარე შარპის მთასთან დანალექ ქანებს მიაკვლიეს, რომელთა შორის ზოგს ტალღისებრი ფორმა აქვს.

რეკლამა
eudora.ge

ამ ე.წ. ანტიდიუნების შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი წამში 10 მეტრი სიჩქარით მოძრავ წყლის უზარმაზარ, 24-მეტრიან ტალღასთან შეჯახების შედეგად უნდა წარმოქმნილიყვნენ.

მეცნიერთა მოსაზრებით, წყალდიდობა მარსის ზედაპირზე ასტეროიდის ან მეტეორის ჩამოვარდნამ გამოიწვია. შეჯახების შედეგად მომატებულმა ტემპერატურამ პლანატაზე არსებული წყლის ყინული დაადნო და ნახშირორჟანგისა და მეთანის გამოთავისუფლებას შეუწყო ხელი. შედეგად წარმოქმნილმა ხანმოკლე სათბურის ეფექტმა კიდევ უფრო მეტი ყინულის გალღვობა განაპირობა, რასაც კოკისპირული წვიმები დაერთო. გეილის კრატერს საკუთარი კვალი სწორედ ამ მოვლენების დროს მოვარდნილმა წყალმა დაატყო.

სპეციალისტთა ვარაუდით, წყალდიდობამ სულ რამდენიმე დღეს გასტანა, თუმცა სითბო და ატმოსფერული ნალექი შესაძლოა, გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პირობები მიკროორგანიზმების წარმოქმნისთვის ხელსაყრელად მიიჩნევა, ნაშრომის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც სიცოცხლე არსებულიყო. ამის დადგენაში კი NASA-ს ახალი მარსმავალი Perseverance დაგვეხმარება, რომელიც ციურ სხეულზე 2021 წლის თებერვალში დაეშვება.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები