მედიაზე ზეწოლა, ფიზიკური ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ISFED-ის ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

საანგარიშო პერიოდში ISFED-მა გამოავლინა:

  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი;
  • მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;
  • დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი; 
  • არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
  • კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;
  • მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელს საქართველოში. 

ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლის ფაქტები. 21 ოქტომბერს ტვ პირველის მფლობელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამამისს უცნობი პირები დახვდნენ და საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. დამატებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტელეკომპანია იმედის დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტებს, როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.

საგულისხმოა, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები, მრავლად იღებენ ინფორმაციას და ხვდებიან მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური შემწეობის, საჯარო სამსახურში ადგილის დაკარგვის თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად ვერ გამოხატავენ. რამდენიმე რეგიონში ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და აქტივისტებმა უარი თქვეს პარტიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ ან/და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამავე მიზეზით, უმეტესად, ისინი ანონიმურად დარჩენას არჩევენ.

რეკლამა
eudora.ge

რეგიონებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო შეხვედრებს ხშირად ქართული ოცნების აქტივისტები ან/და ადგილობრივი

თვითმმართველობის თანამშრომლები აკონტროლებენ და შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მცხოვრებლების პოლიტიკურ აქტიურობაზე და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.

ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის კონტროლის ფუნქცია კერძო საწარმოებსაც აქვთ შეთავსებული. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის ინფორმაციით, ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს.

ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ფაქტები მიუთითებს, რომ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია საჯარო სკოლების პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. მიმდინარე პერიოდში, სკოლების დირექტორების ნაწილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა. ის ყოფილი დირექტორები, რომელთაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ, სამართლიან არჩევნებთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მოვალეობის შემსრულებლებად მხოლოდ მათი გადანიშვნა ხდება, ვინც “პოლიტიკურად საიმედოა”. შექმნილი წნეხის გამო, დირექტორებისა და მასწავლებლების უმრავლესობა უარს აცხადებს საჯაროდ ილაპარაკოს პრობლემების შესახებ.

კვლავ გრძელდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკა, მათ შორის, სამუშაო დროს აგიტაცია სოციალური ქსელით. რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, აღნიშნული პირები მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს დაევალათ იმ მხარდამჭერთა სიის მიტანა, რომლებიც ნამდვილად მისცემენ ხმას ქართულ ოცნებას. საგულისხმოა, რომ მსგავსი მავნე პრაქტიკა, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც ფიქსირდებოდა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირების და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევები, რაც აკრძალულია კანონით. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

ეთნიკურად სომხებით დასახლებულ რეგიონში, წინასაარჩევნო გარემო დაიძაბა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებდა. ნინოწმინდასა და ახალქალაქში ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ლოზუნგით, რომ “მოღალატეები არიან”. პარტიის შტაბის უფროსისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან.

29 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, უცნობმა პირებმა ხელი შეუშალეს დაკვირვებაში და თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებისას დაშავდნენ პოლიტიკური ძალების აქტივისტები, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, ასევე, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი, დაზიანდა ტელეკომპანიების აპარატურა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტი.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ცალკეული საარჩევნო სუბიექტების მიერ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველ აქტივობებს, რაც მათთვის ფულის ან მატერიალური სახსრების გადაცემაში ან დაპირებაში გამოიხატება.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების დაზიანებას მასობრივი ხასიათი აქვს. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში სამართალდამრღვევი პირების გამოვლენა არ მომხდარა.

რეკომენდაციები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას: 

  • არ დაუშვას მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები.
  • დროულად და ეფექტიანად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები;
  • დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ასევე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი და პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები;
  • საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს:

  • მმართველმა პარტიამ არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე;
  • თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;
  • არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს;
  • არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები