მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას დებატებს, უარი აღიქმება სრულ კაპიტულაციად

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა დებატებში. მისივე თქმით, უარი ოპოზიციის მხრიდან ჩაითვლება სრულ კაპიტულაციად. 

რეკლამა
eudora.ge

რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას, რომ დებატები ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით ჩატარდეს, მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანია, “გამართონ შოუ, მოაწყონ ისტერიკა და ამ ყვირილსა და შეურაცხყოფაში საზოგადოებამ სიმართლე კვლავ ვერ გაარკვიოს”. 

“სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით აარიდეს მათ თავი მანამდე უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა”. – ამბობს მდინარაძე გამართულ ბრიფინგზე. 

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, უარს იმიტომ ამბობს, რომ დებატებისას გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც “მათ არ აწყობთ”. 

“მათ მიერ უარის თქმას შეიძლება ჰქონდეს ორი მთვარი მიზეზი: პირველი, მათ არ უნდათ, ეშინიათ და არ აწყობთ ის სიმართლე, რომელიც ამ ჯანსაღი დებატების დროს გამოიკვეთება და ის ყველაფერი, რასაც ისინი უმტკიცებენ საზოგადოებას, აღმოჩნდება ტყუილი; და მეორე, თუ მაინც მოუწევთ მათ მონაწილეობა, გვთავაზობენ ფორმატს, რომელიც იქნება მხოლოდ შოუ და მისი მიმდინარეობის დროს საზოგადოება კვლავ ვერ გაიგებს სიმართლეს. 

უამრავ საკითხზე სპეკულირებენ. ყველა საკითხი პასუხგაცემულია, ახლა ბოლო დარჩა საჩივრების თემა და ამასაც გაეცემა პასუხი ამ დებატებზე”. – ამბობს მდინარაძე. 

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები