მარჯვენასაჭიანი ტაქსებით საქმიანობის უფლება გახანგრძლივდა

მარჯვენასაჭიანი ტაქსები მხოლოდ ონლაინგამოძახების სერვისით მუშაობენ და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ

რეკლამა
eudora.ge

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის თქმით, გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო იქნა მიღებული. ამ დრომდე B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გადააადგილების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ. 

„ყველას კარგად გვესმის  შექმნილი რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, ეს უფლება ერთი წლით გავახანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით, 2022 წლამდე ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.
A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა, მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები