მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს ხვდება

თბილისში მიმდიანრეობს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა

რეკლამა
eudora.ge

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

დღესვე სახელმწიფო მდივანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

მაიკ პომპეო მეუღლესთან, სიუზენ პომპეოსთან ერთად თბილისს 17 ნოემბერს, საღამოს ეწვია. მისი ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე გამართავს “ცოცხალი ჯაჭვის” აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს – სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები