ინფიცირებული 381 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა 77 ადამიანი

კორონავირუსით ინფიცირებული 12 007 პაციენტიდან 381-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 77 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, 48 თბილისში და 12 – აჭარაში. განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

რეკლამა
eudora.ge

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა 2/3-ზე მეტი ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობს. კერძოდ, 3 155 – საავადმყოფოებში, 7 164 ბინაზე, ხოლო 1 848 – COVID-სასტუმროებში.

დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12 007 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები