ინდოეთში თაღლითებმა მამაკაცს “ჯადოსნური” ლამპარი მიჰყიდეს

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშის ქალაქ მირატში თაღლითებმა ადგილობრივ ექიმს, ლაიკ ხანს მოტყუებით “ჯადოსნური” ლამპარი მიჰყიდეს, რომელიც, მათი თქმით, ახალ პატრონს ბედნიერებას, სიმდიდრესა და იღბალს მოუტანდა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3,1 მილიონ რუპიად (დაახლოებით 41,5 ათას აშშ დოლარად) შეფასებული ნივთის მფლობელი მალევე მიხვდა, რომ უჩვეულო შენაძენს სინამდვილეში ზებუნებრივი ძალა არ ჰქონდა და დამნაშავეებს პოლიციაში უჩივლა.

ინდოელი ექიმისა და თაღლითების გზები ჯერ კიდევ 2018 წელს გადაიკვეთა, როდესაც ხანმა ერთ-ერთი პაციენტი ქალის ოპერაციის შემდგომი მკურნალობის მიზნით მასთან ბინაზე ვიზიტები დაიწყო. სწორედ იქ გაიცნო მან ორი მამაკაცი, რომლებიც თავს პაციენტის შვილებად ასაღებდნენ. დაზარალებულის თქმით, თაღლითებმა მას ტვინი გამოურეცხეს, დაარწმუნეს, რომ მათ სახლს დროდადრო ჯინი სტუმრობდა და მასთან შეხვედრაც სთხოვეს.

ლაიკ ხანის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენებით, მამაკაცებმა მას მაგიურ სეანსში მონაწილეობა შესთავაზეს, რომლის დროსაც ექიმის წინაშე მოულოდნელად “ალადინი” გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ზღაპრის პერსონაჟის კოსტიუმში გამოწყობილი ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იყო, თუმცა გეგმამ გაამართლა და მოტყუებულმა ხანმა სოლიდური თანხის სანაცვლოდ “ჯადოსნური” ლამპარი შეიძინა.

ექიმის საჩივრის საფუძველზე პოლიციიამ გამომძალველობასა და თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა, მათმა თანამზრახველმა ქალმა კი მიმალვა შეძლო. სამართალდამცველთა განცხადებით, დაჯგუფების წევრები წარსულში უკვე ნასამართლევი არიან მსგავსი დანაშაულისთვის და მოხდილი აქვთ საპატიმრო სასჯელი. რაც შეეხება ექიმ ხანს, აღსანიშნავია, რომ ის ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები