ილონ მასკი მარსზე საკუთარ კანონებს შექმნის

კომპანია SpaceX, რომლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი ილონ მასკია, პლანეტა მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება. ამის შესახებ კოსმოსური ხომალდების უმსხვილეს მწარმოებელს Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსიით სარგებლობის პირობების ერთ-ერთ პუნქტში აქვს მითითებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ Starlink-ის მომსახურებით დედამიწაზე ან მთვარეზე მყოფი მომხმარებლების უზრუნველყოფის შემთხვევებში, სადავო საკითხები კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

ილონ მასკმა წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა მცირე დროის წინ გააჟღერა. მან მარსის კოლონიზაციის საჭიროება დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა. SpaceX-ის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ ალბათობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სასურველია, კაცობრიობამ სხვა ციურ სხეულზე დასახლება ამ მოვლენამდე მოასწროს.

სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენის კომპანია მარსის გარშემო დედამიწის ორბიტაზე მოძრავი Starlink-ის სატელიტების მსგავსი ქსელის შექმნასაც გეგმავს. ხელოვნური თანამგზავრების იქ განლაგების აუცილებლობას SpaceX-ის წარმომადგენლები სწორედ ზემოხსენებული კოლონიის მშენებლობას უკავშირებენ. წითელ პლანეტაზე დასახლების შემდეგ, ადამიანებს კომუნიკაციასა და მონაცემთა გაცვლაში სწორედ მსგავსი სისტემა დაეხმარება.

მარსის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გაყვანამდე, ილონ მასკის კომპანია Starlink-ის სატელიტების თანავარსკვლავედის შექმნას დედამიწის ორბიტაზე ცდილობს. მისი დანიშნულება ჩვენი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაა. პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1500-მდე იქნება, მომავალში კი დედამიწის გარშემო 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები