“თქვენი არ ეშინია ბიძინას, სააკაშვილის ეშინია” – დაპირისპირება სანიკიძესა და მელიას შორის

მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ენმ-ძალა ერთობაშიას წევრებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სანიკიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ “ორიანზე ჩაატარა არჩევნები და შეეძლო, ჰქონოდა ერთი შტაბი”. მან განაცხადა, რომ “არც ერთი ჩვენგანის არ ეშინია ბიძინას, მას პერსონალურად ეშინია ერთადერთი კაცის, ეს არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი, არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?”.

გუბაზ სანიკიძის ამ განცხადებას ნიკა მელიას პროტესტი მოჰყვა – მან თქვა, რომ სანიკიძეს ოპოზიციურ ერთობაში ხინჯი შეაქვს.

რეკლამა
eudora.ge

“გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ხინჯი ოპოზიციურ ერთობაში, ის არის მიუღებელი ჩემთვის… შენ შემოგაქვს, ახლა რასაც აკეთებ”. – მიმართა მელიამ სანიკიძეს.

“შენ დაბადებული არ იყავი, ბოლშევიკებს რომ ვებრძოდი, გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას… გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას, ლაპარაკი გაასწორე, რა დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინიათ სუყველას”. – უპასუხა სანიკიძემ. 

“ომში ვართ, რა გავაკეთოთ, მოგზავნილი ხომ არ ხარ, რა გინდა, რას ემსახურება შენი საუბარი. მე ყოველდღე მაქვს საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, არავინ არ არის ერთობის მომხრე ისე, როგორც არის სააკაშვილი. იქცევი როგორც პროვოკატორი… ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ის უნდა იცოდე და როგორ უნდა მოიქცე… რომელ უბანთან იყავი, რომელი ხმა დაიცავი, რომელი მუშტი მოგხვდა, რა გააკეთე არჩევნების დღეს”. –მიმართა მელიამ სანიკიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი “ოფისიდან არ გამოსულა” და ოპოზიცია “წრეზე დადის რვა წელიწადია”.

“რა გინდა, ხან მიშას აქებ, ხან ბიძინას აქებ, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ?” – მიმართა მელიამ სანიკიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ ეთერი დატოვა, ნიკა გვარამიამ დახმარება დაცვას სთხოვა. ნიკა მელიამ კი თქვა, რომ “ვინც ეცდება ოპოზიციურ ერთობას, ისტორიულ პროცესს მიაყენოს ჩრდილი და შუღლი გააღვივოს, მე ვიქნები მისი მტერი, ვინც არ უნდა იყოს და მე ვარ დღეიდან მტერი გუბაზ სანიკიძის, რომელმაც ეს იკადრა. ბრძოლის ველზე ვართ, ომში ვართ, გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც იზამს შიდა”.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები