თრომბოემბოლია, კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება – რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კოვიდინფიცირებულთა გარკვეულ რაოდენობას, შესაძლოა, თრომბო-ემბოლიური გართულებები განუვითარდეთ, რაც აქამდე covid 19-ის ტიპურ ნიშნად არ მიიჩნეოდა.

კერძოდ, სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული ჰოლანდიური კვლევის მიხედვით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი 184 პაციენტის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მათ თრომბო-ემბოლიური გართულებები აღენიშნებოდათ. საფრანგეთში და ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, თრომბო-ემბოლიური გართულებები კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე პაციენტების 20-30% -ში გვხვდება.

თრომბოემბოლიამ, როგორც კორონავირუსის ერთ-ერთმა ყველაზე სახიფათო გართულებამ საქართველოშიც იჩინა თავი და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტის თრომბოემბოლიით გარდაცვალების 2-3 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, ხოლო საზღვარგარეთ ასეთი შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია.

თრომბოემბოლია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს დამატებით გართულებებსა და საფრთხეს რომ უქმნის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც საუბრობს.

„როგორც აღმოჩნდა, ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი არის სისხლის შემდედებელი სისტემა და თრომბოემბოლიური გართულებები, რადგან ისე სწარაფად ვითარდება, რომ ყველაზე უფრო კარგი მობილიზაციის შემთხვევაშიც კი, სამედიცინო დახმარება უკვე დაგვიანებულია ხოლმე“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რა არის თრომბოემბოლია, რა სიმპტომები ახასიათებს და რა იწვევს მას, ამ საკითხებზე „სითინიუსი“ სისხლძარღვთა ქირურგს, მედიცინის დოქტორს მამუკა ბოკუჩავას ესაუბრა. მას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა არ უწევს, თუმცა ამბობს, რომ საშუალო და რთული სიმძიმის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები, რომელთაც თრომბოზური პრობლემა აქვთ, ვირუსის დამარცხების შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე უნდა დარჩნენ ექიმების მეთვალყურეობის და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ.

– ბატონო მამუკა, საქართველოში თრომბოემბოლიის შედეგად, უკვე კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა, რა არის თრომბოემბოლია?

– თრომბოემბოლია ეს არის, თრომბული მასის ფილტვის არტერიის, მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვების დაცობა თრომბული მახებით. ის შეიძლება ადგილობრივადაც განვითარდეს ფილტვში, მაგრამ ძირითადად მიგრირება ხდება ქვემო კიდურების სისხლძარღვებიდან. როდესაც მასიურია თრომბოემბოლია, შესაძლოა ამას ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

– რა სიმპტომები ახასიათებს თრომბოემბოლიას?

– არ შეიძლება ეს უცბად დაემართოს ადამიანს. ვინც საშუალო და მძიმე ფორმის, კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათთვის სისხლის შედედების რისკიც მაღალია და ამიტომ შესაბამისად უნდა იყოს მართული მათი მკურნალობა. ექიმმა უნდა დაუნიშნოს სისხლის გამათხელებლები, თუმცა მსუბუქი ფორმის პაციენტებში ეს საჭირო არ არის. ვისაც ანამნეზში გადატანილი აქვს თრომბოზი, აუცილებელია კუაგულოგრამა ჩაუტარდეს.

თქვენს მიერ დასახელებულ შემთხვევებზე, მე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვიცი, რომ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, კოვინდინფიცირებულ ყველა პაციენტთან ტარდება ანტიკუაგულოგრამული თერაპია.

შესაძლოა არც იყოს გამოვლენილი პერიფერიული თრომბოზი, მაგრამ შესაბამისი მეთვალყურეობა ყველა კლინიკაში ენიშნებათ. ამ ორი პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალნენ, დარწმუნებული ვარ რაღაც მიზეზი იყო, გადიოდნენ შესაბამის თერაპიას, მაგრამ საბოლოოდ ლეტალური შედეგი დადგა.

– რა იწვევს თრომბოემბოლიას?

– ამას განაპირობებს მემკვიდრეობითი ფაქტორი, ინფაქტი, ინსულტი, თრომბოზი, ქრონიკული ვენები, სიმსუქნე, მჯდომარე სამსახური. თუ ადამიანი ამ რისკ-ფაქტორების ქვეშ არის, მათთან ინიშნება ანტიკუაგულოგრამული თერაპია.

რეკლამა
eudora.ge

კორონავირუსის ლეტალურ შედეგებში უცხო ქვეყნებშიც დიდი ადგილი უჭირავს თრომბოემბოლიას, ის პაციენტები ვისაც გადატანილი აქვს ზემოთჩამოთვლილი დაავადებები, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდესაც კლინიკიდან გაწერენ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დიდი ხნის მანძილზე სვამენ სისხლის გამათხელებლებს.

კორონავირუსი ასევე, განსაკუთრებით სახიფათოა გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია, პაციენტებს ურჩევს, ვისაც გულის პრობლემები აქვს ბევრი წყალი არ მიიღონ, რადგან სითხეები მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

“არ მგონია ჯანმრთელ ადამიანში განვითარდეს თრომბოემბოლეა, თუ ამას წინაპირობა არა აქვს. ვისაც ქვედა კიდურებში ტკივილები აქვს სიარულის დროს, აქვს ვარიკოზული გაგანიერება და გაშავებული ვენები, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სისხლის შედედების ანალიზი და იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სანამ ექიმთან მიხვალთ, დაათვალიერეთ ქვედა კიდურები, ნახეთ გამობერილი ვენები ხომ არ გაქვთ, ან კრუნჩხვები ხომ არ გაწუხებთ? თუ ეს ასეა ქვედა კიდურების ექოსკოპია აუცილებელია”, – ამბობს ანზორ მელია.

შეგახსენებთ, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ამ ვირუსით უკვე 18 663 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან გამოჯანმრთელდა 8 338 და გარდაიცვალა 143 ადამიანი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები