თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის” ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

რეკლამა
eudora.ge

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა” და „მათე მოტორსის” ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები