„ერთ ბილ გეითსს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, თუ 150-კაციან პარლამენტს?!“ – თემურ ჭყონია პოლიტიკურ პროცესებზე

„ყველაფერი გათვლილი და ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ამ გადაბრალების თემებს, ჩვენ ვერ მივიღებთ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება არჩევანს აკეთებს სიმრავლეზე და არა ცოდნაზე, რაც დიდი შეცდომაა. სინამდვილეში კი, „ჭკუა უნდა იყოს დომინანტი, და არა ადამიანების სიმრავლე“.

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს ბიზნესის საქმიანობაზე. როდესაც კონკურენტი პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ვინ უნდა იყოს მართვაში წამყვანი, ეს აისახება ყველაფერზე. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ამ პროცესებზე, მაგრამ ყველა პარტია, ვისაც პრეტენზია აქვს მართვაზე, პრეტენზია უნდა ჰქონდეს, ამ პროცესების მინიმალიზაციაზე და არა ისეთ დონეზე აყვანაზე, რომ ყველაფერი იწყებოდეს ნულიდან.

ყველაფერი გათვლილი და ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ამ გადაბრალების თემებს, ჩვენ ვერ მივიღებთ. როდესაც იღებ ვალდებულებას, რომ შენ უნდა აკონტროლო ყველაფერი, უნდა აკონტროლო მაქსიმალურად და ყველა რისკი მინიმუმადე დაიყვანო“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

„ ჩემი შეხედულებით, იმ ეკონომიკის მცოდნე პარტიებში, მხედველობაში მყავს, გინდაც ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი ყიფიანი, უამრავი საინტერესო ადამიანი ყალიბდებოდა და მათი გამოცდილება უფრო ძლიერი იქნებოდა. ჭკუა უნდა იყოს დომინანტი, და არა ადამიანების სიმრალე. იმიტომ, რომ ჭკუით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ერთ ადამიანს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, ვიდრე, მილიონობით ადამიანს. მაგალითად, სტივ ჯობსს უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა თუ პარტიას? ან ერთ ბილ გეითსს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, თუ 150-კაციან პარლამენტს?!

რა თქმა უნდა, ერთს. ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ პროფესიონალები იყვნენ, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ერთ პროფესიონალს შეუძლია ეკონომიკური გადატრიალება მოაწყოს მთელ საქართველოში. არ არის აუცილებელი ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა. თქვენ რა გგონიათ, ილონ მასკი რომ გავიდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინმე აირჩევს?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, არის გენიოსი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. ამიტომ, სიმრავლე არ არის გადამწყვეტი, მთავარია ჭკუა, ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სიმრავლეს, რაც არის ჩვენი საზოგადოების შეცდომა“,-აცხადებს თემურ ჭყონია.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები