ერთჯერადი ნიღბის მრავალჯერადი გამოყენების „შვიდდღიანი მეთოდი“ – რჩევა მეცნიერებისგან

ჯანდაცვის უწყებები გვირჩევენ, რომ COVID-ის ყველაზე ფართოდ გავრცელებული იარაღი – ქირურგიული ნიღაბი ერთჯერადად გამოვიყენოთ და შემდეგ გადავაგდოთ, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს – ერთჯერადი ნიღბები გარემოს აბინძურებს.

ამის ერთი ალტერნატივაა მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის პირბადეები, მაგრამ მრავალი ადამიანი ერთჯერად ქირურგიულ პირბადეს ამჯობინებს, რადგან ისინი უფრო მსუბუქი და იაფია.

ერთჯერადი პირბადეების გასუფთავების მეთოდებს შორის არის მათი მოთავსება მაღალ ტემპერატურაზე ან ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ, თუმცა ფრანგი მიკრობიოლოგი დენი კორპე აღნიშნავს, რომ ეს მეთოდები სახლის პირობებში საკმაოდ მოუხერხებელია.

შვიდდღიანი მეთოდი

„ადიოს კორონა“ – მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას აწვდის, გვირჩევს, რომ „პირბადე ქაღალდში გავახვიოთ, დავაწეროთ თარიღი და შვიდი დღის განმავლობაში ასე დავტოვოთ, ხელუხლებლად“.

„რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ შვიდი დღის შემდეგ პირბადეზე ვირუსები თითქმის მთლიანად მკვდარია“, – ამბობს კორპე.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ერთი კვირის შემდეგ პირბადის გარე ზედაპირზე მხოლოდ ვირუსის 0,1 პროცენტი ფიქსირდებოდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი ხელსაყრელი არ არის სამედიცინო პერსონალისთვის, რომელსაც ვირუსების მაღალ კონცენტრაციასთან უწევთ შეხება.

შვიდდღიან მეთოდს ეთანხმება N95 ნიღბის ელექტონულად დამუხტვადი ფილტრის მასალის გამომგონებელი პიტერ ცაი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პირბადის ერთი კვირით დატოვებისა და შემდეგ კვლავ გამოყენების მეთოდი მხოლოდ 5-10-ჯერ შეგვიძლია გავიმეოროთ.

როგორც ცაიმ გამოცემა AFP-ს განუცხადა, ერთჯერადი ნიღაბი შეგვიძლია მოვათავსოთ ღუმელშიც, 70-75 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, რაც ვირუსის მოსაკლავად საკმარისია, მაგრამ არა ამაზე უფრო მაღალზე, რათა პირბადის პლასტმასის ნაწილები არ დაიწვას.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე კარგი იდეაა პირბადის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.

„ფხვნილის გარეშე გარეცხვამ შეიძლება ვირუსი ვერ მოაცილოს, ხოლო N95 ნიღბის ფხვნილით გარეცხვისას შეიძლება წაიშალოს ელექტროსტატიკური მუხტები, რაც მის ეფექტიანობას შეამცირებს“, – ამბობს ცაი.

ფრანგ მომხმარებელთა ჯგუფის, UFC-Que Choisir-ის წევრებმა ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადე 60 გრადუსზე გარეცხეს, შედეს საშრობში, შემდეგ კი გააუთოეს. 10 ასეთი ციკლის შემდეგ პირბადე მაინც ფილტრავდა 3 მიკრონზე ნაკლები სიგრძის ნაწილაკთა 90 პროცენტს.

იქამდე, ვიდრე ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტი კვლევა არ ჩატარდება, ჯანდაცვის უწყებათა ოფიციალური რჩევა არ შეიცვლება – ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღბები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა.

ამასობაში კი ამ საკითხზე მრავალი კვლევა მიმდინარეობს და შედეგებს მალე ვიხილავთ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები