დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან წასვლის პირობა დაასახელა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, შეერთებული შტატების საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებისას ჰგავს.

თეთრ სახლს მაშინ დავტოვებ, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

რეკლამა
eudora.ge

„რა თქმა უნდა, თქვენ ეს ისედაც იცით“, — ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას ამ თემაზე.

პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ამომრჩეველთა კოლეგია „შეცდომას დაუშვებს“, თუ ბაიდენს დაუჭერს მხარს.

დონალდ ტრამპის თქმით, მას „ძალიან გაუჭირდება დამარცხების აღიარება“, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ-ის საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებს შეადარა.

აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მასმედიის ინფორმაციით, დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საკმარისი ელექტორალური ხმა მოაგროვა. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა.

აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები