გვატემალაში დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

გვატემალის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა პრეზიდენტის, ალეხანდრო ჯიამატეის, გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა გვატემალის კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საპროტესტო ტალღა 2021 წლის ბიუჯეტმა გამოიწვია, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ოთხშაბათს დაამტკიცა.

პარალელურად, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ყოფილი სასახლის წინ. 

2021 წლის ბიუჯეტი 12.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ბიზნესთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება, ასევე გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი, თუმცა დაფინანსება შეუმცირდა ჯანდაცვის, განათლების, ადამიანთა უფლებებისა და იუსტიციის სისტემებს. ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობას კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ამწვავებს.

ბიუჯეტის გარდა, ჯიამატეის ადმინისტრაციითა და კონგრესით, საზოგადოების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი პანდემიასთან არაეფექტიანი ბრძოლაა.

რეკლამა
eudora.ge

​პანდემიასთან საბრძოლველად კონგრესმა 3.8 მილიარდი დოლარი გამოყო, თუმცა ამ თანხის მხოლოდ 15%-ია ინვესტირებული.

პრეზიდენტს გადადგომა ურჩია ვიცეპრეზიდენტმა.

“ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვთხოვე, ერთად გამოგვეცხადებინა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ”. – თქვა გილერმო კასტილომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალეხანდრო ჯიამატეი გვატემალის პრეზიდენტი იანვარში გახდა. მისი მთავარი დაპირების თანახმად, ის კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აპირებდა. თუმცა, პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან არაეფექტიანი გამკლავების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა.

პანდემიის დაწყებიდან გვატემალაში კორონავირუსის ინფექციის 118 417 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 074 ადამიანი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები