გახარია: თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიან დახმარებას ვაწესებთ

ხელისუფლება ეპიდვითარების გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, დახმარების სხვადასხვა პაკეტს ამზადებს იმ პირებისთვის, რომლებიც შემოსავლის გარეშე აღმოჩნდნენ

თვითდასაქმებულებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შედეგად შემოსავლის გარეშე დარჩებიან, სახელმწიფო  300 ლარით დაეხმარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის დახმარების მიზნით ერთჯერადი 300–ლარიანი კომპენსაციები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს დააწესა.

გიორგი გახარიას განცხადებით, 300–ლარიანი დახმარებით  უკვე ისარგებლა 250 ათასმა ადამიანმა. ამ ეტაპზე კი მთავრობის გათვლით, სავარაუდოდ, 100-120 ათასი ადამიანი მიიღებს დახმარებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობების, მოლების, მაღაზიების საქმიანობას, სადაც დიდი რაოდენობით მოქალაქეები არიან დასაქმებული, მათთვის ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს. ამ ადამიანების აღრიცხვა უკვე დაწყებული გვაქვს. გარდა ამ 300-ლარიანი დახმარებისა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ მათ, ვისაც გააჩნია საბანკო დავალიანება, სახელმწიფო მიზნობრივად დაეხმარება სესხის გადავადებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ერთჯერადად დახმარების მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს. 

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით,  სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დახმარების პროგრამა 1 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ამოქმედდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათ 6 თვის მანძილზე ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ.

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისის პერიოდში დაკარგავს სამსახურს და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში. კორონავირუსის პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა და ვფიქრობთ, რომ ახლაც მსგავსი ციფრი იქნება“, – განაცხადა გიროგი გახარიამ.

რეკლამა
eudora.ge

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება დღეს მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში იმოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს.  26 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათას ადამიანს გადააჭარბა, 1100–ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები