გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს – ექსპერტის მოსაზრება

რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს.

რეკლამა
eudora.ge

ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას, ამასთან, შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო იმატებს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ „ლოკდაუნს“ მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი „ლოკდაუნი“ იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც ისაა, რომ მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

„ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნის. ვფიქრობ, ორკვირიანი „ლოკდაუნი“ ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს… საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს, თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

„ყველამ უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები